პოლიციის დეტექტივი მოქალაქეს იარაღის ან ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა - სპეციალური საგამოძიებო

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასათანადო მოპყრობაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ამხილა.

საგამოძიებო აცხადებს, რომ როგორც გამოძიებით დადგინდა, ზუგდიდის რაიონში მცხოვრებ დაზარალებულ დ.თ.-ს თავისი შვილის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით კონფლიქტი ყოფილ ჰქონდა მეუღლესთან.

მათი ინფორმაციით, ამის მოსაგვარებლად, დაზარალებულის ყოფილი მეუღლის ინტერესების დაცვა, მისმა ოჯახის ახლობელმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივმა გადაწყვიტა, რომელმაც თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

„2024 წლის 13 თებერვალს სამართალდამცველმა პოლიციის უნიფორმით და ცეცხლსასროლი იარაღით დაზარალებულს სახლში მიაკითხა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და თუ ის ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად უვადო მინდობილობას არ გასცემდა, იარაღისა ან/და ნარკოტიკის ჩადებით დაემუქრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პოლიციის დეტექტივს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა, ის თანამდებობიდან გადააყენეს. საგამოძიებოს განცხადებით, დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.