პოლიციის ძალისხმევით, 2020 წელს რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა - გომელაური

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ვახტანგ გომელაურის თქმით, 2020 წელს წინა წელთან შედარებით რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა შემცირდა.

„სამართალდამცველთა ძალისხმევის შედეგად, 2020 წელს 2019 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული შემცირდა 12%-ით“, – განაცხადა გომელაურმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

გომელაურის თქმით, დანაშაული შემცირდა ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა მკვლელობის მცდელობა, ყაჩაღობა, ძარცვა, გამოძალვა, ქურდობა, მათ შორის, ბინების გაქურდვის ფაქტებიც.

„გაიზარდა კიბერდანაშაული, რაც გლობალური გამოწვევაა და ინტერნეტ რესურსების გაზრდილი გამოყენებით არის განპირობებული. ასევე, მომატებულია ოჯახში ძალადობის ფაქტებზე პოლიციისადმი მიმართვიანობა. ასევე, მომატებულია მკვლელობა 9 ფაქტით.

რეგისტრირებულ დანაშაულზე ჩვენ საზოგადოებას ყოველთვიურად ვაწვდით ინფორმაციას. რა თქმა უნდა, გვრჩება გამოწვევებიც, რომელთა გადასაჭრელადაც სამინისტროში დაგეგმილია და მიმდინარეობს არაერთი რეფორმა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საპარლამენტო კომიტეტები მინისტრობის კანდიდატებს მეორე დღეა უსმენენ. იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გადადგა და ის ახალმა პრემიერმა უნდა შეცვალოს, ირაკლი ღარიბაშვილი და მისი მინისტრთა კაბინეტი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.