პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო სრულიად უკანონო - GDI გუშინდელ აქციაზე

პუბლიკა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) გუშინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გამართულ აქციას ეხმაურება და ამბობს, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო უკანონო და არაკონსტიტუციური.

„GDI შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 2020 წლის 8 ნოემბრის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო სრულიად უკანონო და საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თქმით, ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური საშუალებების გამოყენებას კონკრეტული წინაპირობები აქვს და მკაცრი სტანდარტი, რომელთა ზედმიწევნით დაცვაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

მათივე განცხადებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით წყალსატყორცნის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი იგი მიემართება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღკვეთას ან სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოგერიებას.

„პოლიცია ასევე ვალდებულია, რომ იძულების ღონისძიება გამოიყენოს პროპორციულად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას, ამასთან, – არ გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან. აღსანიშნავია, რომ ამავე კანონით პოლიციას ეკისრება ვალდებულება, წყალსატყორცნის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი და მისცეს გონივრული ვადა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად“, – წერს GDI.

როგორც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ აღნიშნავს, გუშინ განვითარებული მოვლენების დროს საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ვალდებულება და წინაპირობა დაარღვია. კერძოდ:

„ცესკოს მიმდებარე ტერიტორაზე გამართული აქციის დინამიკა არც ერთ ეპიზოდში არ შეიცავდა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროებას, ვინაიდან სახეზე არ იდგა არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობა. აქცია მთლიანობაში მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და არ შეინიშნებოდა მართლწესრიგის მასობრივი დარღვევა ან ცესკოს შენობაზე ჯგუფური თავდასხმის განზრახვა;

პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენების პირველ ეპიზოდში არ გააფრთხილა შეკრებილი ადამიანები აღნიშნულის შესახებ და ყოველგვარი გონვირული დროის მიცემის გარეშე დაიწყო მოქმედება, რაც უხეშად არღვევს როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს;

შემაშფოთებელია ის, თუ როგორ და რა პირობებში მოხდა წყლის ჭავლის გამოყენება, რამაც აქციის მონაწილეებს შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. გავრცელებული ინფორმაციით გამოყენებული წყლის ნაკადით დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოპერატორები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამართალდამცავებმა არ დაიცვეს სპეციალური საშუალების გამოყენების წესი და ამავდროულად ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს საქმიანობის შესრულებაში;

ამასთან, გასათვალისწინებელია ცივი კლიმატური პირობები და შექმნილი ეპიდსიტუაცია, რომელიც ასევე უგულებელყო სახელმწიფომ სპეციალური საშუალების გამოყენებისას.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყლის ჭავლთან ერთად პოლიციამ გამოიყენა სპეციალური აირი, რომელიც სწვავს თვალებს. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში გაუგებარია აღნიშნული საშუალების გამოყენების აუცილებლობაც“, – წერს GDI.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ შეწყვიტოს აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს აქციის მონაწილეების მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობა.


გუშინ, 8 ნოემბერს ცესკოსთან სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.

მას შემდეგ, რაც ცესკოსთან საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი, ოპოზიციის ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ნიკა მელიამ საზოგადოებას მოუწოდა, რომ დაშლილიყვნენ და მომდევნო დღეს, ანუ 9 ნოემბერს 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილიყვნენ.

8 ნოემბერს პარლამენტიდან აქციის მონაწილეებმა ცესკოსთან გადაინაცვლეს. ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტში შესვლაზე და მანდატებზე უარი თქვეს. შესაბამის დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი. მათი მოთხოვნებია: თამარ ჟვანიას გადადგომა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეცვლა, ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათვაისუფლება.