პოლიციის მიმართ ჯგუფური წინააღმდეგობის და ძალადობის ბრალდებით კახეთში სამი პირი დააკავეს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი: 2001 წელს დაბადებული ნ.შ., და წარსულში ნასამართლევები: 1990 წელს დაბადებული ი.კ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ი. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, 27 იანვარს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, გადამოწმების მიზნით სამი პირი შეაჩერეს, რა დროსაც ბრალდებულებმა პოლიციელებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს, როგორც სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა.

„აღნიშნული ძალადობრივი ქმედების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხმა თანამშრომელმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო“, – აცხადებს შსს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.