პოლიციის მხრიდან ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტს სახელმწიფო ინსპექტორი იძიებს

პუბლიკა

ტყიბულში პოლიციის მხრიდან მოზარდზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

ტელეკომპანია „მთავარის“ ინფორმაციით, ტყიბულში გამომძიებელმა მოზარდზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადა. მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოზარდმა ამის შემდეგ თვითმკვლელობა ორჯერ სცადა.

როგორც „პუბლიკას“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.