პოლიეთილენის პარკებზე შემოწმებული 350 ობიექტიდან 48 დავაჯარიმეთ – კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ შეამოწმა მეწარმეები, იყენებდნენ თუ არა ისინი პოლიეთილენის პარკებს.

მისი თქმით, შემოწმებული 350 ობიექტიდან, 48 დაჯარიმდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და დედაქალაქის მერიას დაევალა ბაზარზე პოლიეთილენის პარკების გაკონტროლება. კანონით დადგენილია, რომ პოლიეთილენის პარკების გამოყენება აღარ შეიძლება და ეს არის დამაზიანებელი. დამაზიანებელი – გარემოსთვის, ჩვენთვის, ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობებისთვის.

ჩვენ დავიწყეთ ძალიან აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით. შესაბამისად, მეწარმეებს მიეცათ გაფრთხილება, რომ ეს პოლიეთილენის პარკები ამოეღოთ მიმოქცევიდან. ბოლო დღეების განმავლობაში, რაც გაფრთხილებით გათვალისწინებული ვადა ამოიწურა, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ 350 ობიექტი შეამოწმა. გამოიწერა სამართალდარღვევის 48 ოქმი.  დაჯარიმდნენ მეწარმეები, რომლებმაც გაფრთხილებით გათვალისწინებულ ვადაში არ მოახდინეს რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ მოუწოდა მეწარმეებს, სანამ შემოწმდება ობიექტი, დროულად ამოიღონ ეს პროდუქტი წარმოებიდან.

„მინდა, მივმართო ყველას და მოვუწოდო, სანამ მათი შემოწმება, ჯარიმის გამოწერა და პროდუქციის კონფისკაცია მოხდება, დროულად მოახდინონ ამ პროდუქციის ამოღება მიმოქცევიდან ადგილობრივ ბაზარზე. ალტერნატიული პარკების წარმოება დაწყებულია და მათ აქვთ შესაძლებლობა, ჩაანაცვლონ“, – თქვა კალაძემ.

2019 წლის 1 აპრილიდან  ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.