2011 წლის 17 მაისს, IDAHO-ს (ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე) საერთაშორისო რუკაზე, ტრანსგენდერი აქტივისტის ბარტ ნიკოლოს ორგანიზებით, პირველად მოინიშნა ღონისძიება საქართველოდან, სადაც ქვიარ თემმა გარდაცვლილ თემის წევრთა ხსოვნას პატივი მიაგო მტკვარზე სიმბოლურად გაშვებული სანთლებით.
როგორც „ქალთა ინიციატივების მზარდამჭერი ჯგუფი“ (WISG) დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, განვლილი 10 წლის მანძილზე, თემსა და საზოგადოებაში, ამ დღის აღნიშვნის კონტექსტი და შესაბამისად, მნიშვნელობა წლიდან წლამდე იცვლებოდა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ამ ისტორიის კრიტიკული ანალიზით, ქვიარ აქტივისტთა ჯგუფებმა და მთელმა საზოგადოებამ საჭიროა გადავხედოთ ჩვენს სოციალურ და პოლიტიკურ გამოცდილებას და გადავიაზროთ ლგბტქი ჯგუფის ხილვადობის აქამდე არსებული სტრატეგიები.
WISG-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
თუკი 2011, 12 და 13 წლებში, 17 მაისი იყო აქტივისტების მცდელობა, საჯარო სივრცეში ხილვადობის შეტანით ქვიარ ადამიანების პოლიტიკურ სუბიექტად მონიშვნისა, მომდევნო წლებში ხილვადობის მანიფესტირება სახელმწიფოს და პროცესში ჩართული აქტორების მხრიდან იქცა ინსტრუმენტალიზების საგნად, ხელისუფლებასთან და სამართალდამცავ ორგანოებთან შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების აღსრულებასა და ფორმებზე ფუჭი ვაჭრობის საგნად, მედია სენსაცირების და სკანდალური სანახაობის მოლოდინად, ულტრა-მემარჯვენე და ანტი-ემანსიპატორული ჯგუფების მხრიდან აგრესიული თავდასხმების განახლებულ ტალღებად, და ბოლო წლებში, უკვე, მხარდამჭერებად პოზიციონირებული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან ახალი ზეწოლისა და მანიპულაციის საშუალებად.
შედეგად, ხილვადობის ეს სტრატეგია კონცეპტუალურად გამოიფიტა, ქვიარ თემი გამოირიცხა პოლიტიკური პროცესიდან, წაერთვა აგენტობა და თავდაპირველი მიზანი. ხილვადობის საშუალებით ჰომო/ბი/ტრანსფობიის საწინააღმდეგოდ ქმედითი და მდგრადი პოლიტიკის მოთხოვნა მეინსტრიმ პოლიტიკურმა დღის წესრიგმა დაავიწროვა უფლებათა სპექტრის ერთ კომპონენტზე – საჯაროდ შეკრებაზე.
ყოველწლიური მოლაპარაკება, მანიპულირება, მუქარა, ზეწოლა იმაზე, სად და როგორ შეიძლება ან არ შეიძლება ქვიარ ადამიანები შეიკრიბნონ საჯარო სივრცეში, ზედაპირულ და გაყალბებულ რეალობას აწარმოებს და ყურადღების მიღმა ტოვებს მთელ რიგ გამოწვევებს, რომლებიც ქვიარ ადამიანებს გვაერთიანებს სოციალურად და ეკონომიკურად ჩაგრულ ჯგუფებთან – საცხოვრისზე, ჯანდაცვაზე, განათლებასა თუ სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობის პროგრამებზე ხელმიუწვდომლობის სახით.
როცა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პროტესტის, ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის მიმართ ქსენოფობიისა და ჰომოფობიის დაბრალების ტაქტიკა გამოიყენა, ხელისუფლებამ, და მისი რიტორიკის გამზიარებელმა პოლიტიკურმა ელიტამ, შეულამაზებლად და ნათლად გვაჩვენა, რომ საზოგადოებრივ პროტესტზე მათი პოლიტიკური რეაგირების სტრატეგია ეფუძნება სხვადასხვა ნიშნით ჩაგრული ჯგუფების ურთიერთდაპირისპირებას და გაერთიანებისათვის ხელის შეშლას.
კრიტიკულად მნიშვენლოვანია, ყველა სოციალურმა მოძრაობამ, რომლის მიზანიც არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის რადიკალური გარდაქმნა და სოციალურად სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების შექმნაა, ერთობლივი და საჯარო მსჯელობა დავიწყოთ იმაზე, თუ რატომ ახერხებს დღემდე მჩაგვრელი სისტემა, ერთმანეთის გასაუვნებელყოფ იარაღად გამოგვიყენოს, თუ რა პირობებში და რომელი ჯგუფების მონაწილეობით ხდება ასეთი ინსტრუმენტალიზება შესაძლებელი.
გასული წლიდან მოყოლებული, პანდემიით გამოწვეული კრიზისი გვაჩვენებს, რომ მისი დამანგრეველი შედეგები მეტად იწვნიეს სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე ჩაგრულმა ჯგუფებმა, მათ შორის ქვიარ ადამიანებმა. პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ყველაზე მეტად დააზიანა ისინი:
-
ვინც ჩაბმულია პრეკარიულ, არაფორმალურ და დაბალანაზღაურებად შრომაში – ქვიარ თემის წევრებს ხშირად არ მიუწვდებათ ხელი ღირსეულ შრომით პირობებზე, ფორმალურ სფეროში დასაქმებაზე;
-
ვინც დაკარგა, ან ვისაცარ აქვს საცხოვრისი – ქვიარ თემის წევრები ხშირად გამოგდებულნი ან წამოსული არიან ოჯახიდან იქ ჰომოფობიური განწყობების და ძალადობის მაღალი რისკის გამო;;
-
ვინც სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პროცესებიდან გამორიცხული არიან – ქვიარ თემის წევრების სპეციფიკური საჭიროებები და გამოცდილება ხშირად იგნორირებულია და არ აისახება კეთილდღეობის და სოციალური დაცვის პოლიტიკის, მათ შორის, ანტიკრიზისულ გეგმების, დაგეგმვისას.
როგორც პანდემიამდელი ანტი-სოციალური პოლიტიკის პირობებში, ისე პანდემიისას სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ ანტი-კრიზისულ გეგმაში, ბევრი სოციალური ჯგუფი გამორიცხული აღმოჩნდა, თუმცა ეს ჯგუფები დღეს ერთმანეთს მოკავშირეებად ვერ ხედავენ.
ეს აჩვენებს კრიტიკულ საჭიროებას, ერთობლივად დავიწყოთ ჩვენი სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პროცესებიდან გამორიცხვის სტრუქტურული მიზეზების ანალიზი, შევქმნათ საერთო და საჯარო სივრცეები კრიტიკული მსჯელობისთვის, გამოვიკვლიოთ ჩაგრულ ჯგუფებს შორის არსებული დაპირისპირების საფუძვლები. ამასთან, დავსვათ კრიტიკულიკითხვები იმის შესახებ, თუ რა პრობლემები გვაერთიანებს და რა განსხვავებული პრივილეგიები და შესაძლებლობები გვიშლის ხელს, რომ გავერთიანდეთ სტრატეგიული მიზნებისთვის.
პანდემიის კრიზისმა და ნამოხვანის საპროტესტო მოძრაობამ სოლიდარობისა და ურთიერთდახმარების ჯგუფების მობილიზების უპრეცედენტო მაგალითებიც გვაჩვენა. ეს გვიმყარებს რწმენას, რომ სოციალურ და ეკონომიკურ უთანასწორობასთან ცალკეულად მებრძოლ ჯგუფებს, შეგვიძლია ერთმანეთთან ვიპოვოთ ის მაკავშირებელები, რომელსაც ჩვენს შორის ძალადობრივად წყვეტს უთანასწორობის მაწარმოებელი სისტემა; რომ გვაქვს გაერთიანების პოტენციალი საერთო ეკონომიკური, პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე.