POLITICO აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მხარდაჭერა ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს აქვს.
გამოცემა მიუთითებს, რომ იმ ფონზე, როცა აღნიშნულ თანამდებობაზე აზრები ევროპის სხვადასხვა ლიდერს შორის მერყეობს, ბაიდენის პოზიცია, სავარაუდოდ, გაზრდის რუტეს კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერას
ალიანსის მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ოქტომბერში ეწურება – ის ალიანსს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს და მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, ვადა ორჯერ გაუხანგრძლივდა.
გამოცემა მიუთითებს, რომ უმჯობესია, ლიდერები ალიანსის ხელმძღვანელის კანდიდატურაზე ივლისამდე, კერძოდ, ვაშინგტონში დაგეგმილ NATO-ს სამიტამდე შეთანხმდნენ. POLITICO წერს სხვა სავარაუდო კანდიდატზეც და აღნიშნავს, რომ ამ პოზიციაზე თავისი ინტერესი ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმაც გამოხატა.
ოფიციალურად კანდიდატურა არ წამოუყენებია მარკ რუტეს – იმ შემთხვევაში, თუ ალიანსის მომდევნო ლიდერი გახდება, მას სხვადასხვა მიმართულებით მოუწევს კონცენტრაცია, მათ შორის ალიანსის მიერ უკრაინის მხარდაჭერის კუთხით. ამასთან, თუ თეთრ სახლში დონალდ ტრამპი დაბრუნდება, რუტეს მოუწევს NATO-ს მიმართ ტრამპის სკეპტიციზმთან მუშაობაც.