გამოცემა Politico ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინისთვის, სულ მცირე, €20 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტზე მუშაობენ, რათა გააძლიერონ უკრაინა იმ ფონზე, რომ „შეერთებული შტატები სულ უფრო მეტად უახლოვდება მოსკოვს”.
სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და მათთვის საჭირო რაკეტებს, ასევე ფინანსურ დახმარებასაც. როგორც გამოცემა წერს, 24 თებერვალს ბრიუსელში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე კონსულტაციების შედეგად, დახმარების პაკეტის რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.
Politico ამ კვირაში წერდა, რომ დახმარების პაკეტის სავარაუდო ღირებულება €6-€10 მილიარდი იყო, თუმცა გამოცემის ცნობით, ეს რაოდენობა მოლაპარაკებების შედეგად შეიცვალა და შესაძლოა, ისევ გაიზარდოს.
მედიის ინფორმაციით, უკრაინისადმი შეიარაღების მიწოდების განახლებას კოორდინაციას უწევს ბლოკის უმაღლესი დიპლომატი, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი, რომლის მიზანიცაა „გადააჭარბოს წინა ევროპული ვალდებულებების სამხედრო დახმარებას”.
Politico-სთან დიპლომატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დახმარება, რომელზეც ჯერ კიდევ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სავარაუდოდ იქნება ცალკეული წევრი ქვეყნების გაერთიანებული შენატანების სახით და არა ევროკავშირის ოფიციალური პაკეტის სახით, გარკვეული სახელმწიფოების, კერძოდ, უნგრეთის წინააღმდეგობის გათვალისწინებით.