POLITICO: EU-ის ლიდერები ვერ შეთანხმდნენ წამყვანი თანამდებობების კანდიდატებზე

პუბლიკა

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, მიუხედავად ოლაფ შოლცისა და ემანუელ მაკრონის განცხადებებისა, რომ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს იყვნენ, ევროკავშირის ლიდერები ვერ თანხმდებიან ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევაზე.

გუშინ EU-ის ლიდერები არაფორმალურ სადილზე შეხვდნენ ერთმანეთს, რომელზეც EU-ში წამყვანი თანამდებობების კანდიდატები უნდა განეხილათ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, შეთანხმებას, ჯერჯერობით, ვერ მიაღწიეს.

POLITICO-ს ევროპელი დიპლომატი ანონიმურად ეუბნება, რომ კონსენსუსი არსებობს სამ ლიდერზე, თუმცა მსჯელობა, სავარაუდოდ, 27-28 ივნისის შეხვედრაზე გაგრძელდება.

წინა კვირას დასახელდნენ სავარაუდო კანდიდატები, რომლებსაც EU-ის ლიდერები წამყვან თანამდებობებზე განიხილავენ. მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტად კვლავ განიხილება ლაიენის კანდიდატურა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ანტონიო კოსტა, ევროპარლამენტის პრეზიდენტად კვლავ რობერტა მეცოლა, ხოლო EU-ის საგარეო პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენლად კაია კალასი.