POLITICO: ევროკომისია საქართველოს EU-ის კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციას გაუწევს 

პუბლიკა

POLITICO-ს ცნობით, ევროკომისია საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაციას გაუწევს. გამოცემა ამას 2 ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ამბობს.

სტატიაში წერია:

„ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს ევროკავშირის ლიდერებს, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. კარგი ამბავია თბილისისთვისაც“.

ანალოგიური ინფორმაცია გამოაქვეყნა „რადიო თავისუფლებამაც“. გამოცემის ცნობით, ევროკომისია აპირებს, რომ დღეს, 8 ნოემბერს, გასცეს რეკომენდაცია: საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი – მნიშვნელოვანი 9 დათქმით.

ცხრა ნაბიჯიდან ზოგიერთი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.

ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლაზე.

ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.

გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, დღეს გამოცხადდება – ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.

საბოლოო გადაწყვეტილება კი 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.