POLITICO: მმართველი პარტია რუსული სტილის „უცხოური აგენტის" კანონს აბრუნებს

პუბლიკა

გამოცემა POLITICO მმართველი პარტიის მიერ რუსული კანონის დაბრუნების შესახებ სტატიას აქვეყნებს და მიუთითებს, რომ მსგავსი ხერხით კრიტიკული ორგანიზაციების ჩახშობა რუსეთმაც სცადა. სტატიაში მოყვანილია ჯოზეფ ბორელის ძველი განცხადება, სადაც ის რუსულ კანონს EU-ის ღირებულებებთან შეუსაბამოს უწოდებს.

„საქართველოს მთავრობა აცოცხლებს სადავო წინადადებას, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს, ჯგუფებსა და მედიასაშუალებებს უცხოური გავლენის აგენტების სტატუსს ანიჭებს. ეს ხდება ერთ წელზე მეტი წლის წინ თბილისში გამართული მასობრივი პროტესტების შედეგად წინადადების ჩაგდების შემდეგ.

…მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესავიწროებლად მსგავსი ზომები რუსეთმაც გამოიყენა. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა თავის დროზე თქვა, რომ კანონის ქართული ვერსია „ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შეუსაბამო” იქნებოდა და „ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს გაცხადებულ მიზანს” შეეწინააღმდეგებოდა”, – აღნიშნულია სტატიაში.

დღეს მამუკა მდინარაძემ რუსული კანონის პარლამენტში დაბრუნება დააანონსა. მან ბრიფინგზე თქვა, რომ გადაწყვეტილება გუშინ გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს.

ანალოგიური კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ შარშანაც დააინიციირა, თუმცა მარტში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ უკან გაიწვია.

„ქართული ოცნების“ ლიდერები მთელი წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ამ კანონპროექტს არცერთი ფორმით აღარ დააბრუნებდნენ.