აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი უახლოეს დღეებში სომხეთში ჩასვლას აპირებს. ინფორმაციას POLITICO 2 წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნენსი პელოსი ერევანში ბერლინში დიდი შვიდეულის სამიტის დასრულების შემდეგ წარმომადგენელთა პალატის 2 წევრთან ერთად ჩავა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მთავრობის სხვა წევრებს შეხვდება.
სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბერს დაიწყო. სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, აზერბაიჯანი მათ 13 სექტემბერს 00:05 საათზე დაესხა თავს და გორისის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით გაუხსნა ცეცხლი არტილერიითა და მსხვილკალიბრიანი იარაღით.
აზერბაიჯანელებმა სომხურ პოზიციებსა და დასახლებებზე უპილოტო საფრენი აპარატებითაც მიიტანეს იერიშები. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი კი დაპირისპირების წამოწყებაში სომხეთს ადანაშაულებს. მისი განცხადებით, სომხეთმა „ფართომასშტაბიანი დივერსიული აქტები“ მოაწყო საზღვარზე დაშქესანის, ქელბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით, აზერბაიჯანული პოზიციები კი ცეცხლის ქვეშ მოჰყვნენ. ოფიციალური მონაცემებით, დაპირისპირების შედეგად 50 აზერბაიჯანელი და 105 სომეხი სამხედრო დაიღუპა.