POLITICO ახალ სტატიაში წერს დონალდ ტრამპის სავარაუდო გეგმებზე NATO-სთან მიმართებაში იმ შემთხვევაში, თუ ის ნოემბრის არჩევნების შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნდება.
მედია აღნიშნავს, რომ ტრამპს არაერთხელ გამოუთქვამს ალიანსის დატოვების შესახებ მუქარა, თუმცა ეს სცენარი ნაკლებსავარაუდო იქნება.
გამოცემის განცხადებით, ტრამპისთვის უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად გადაწყვეტა ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება და შესაბამისად, NATO-სთან დაკავშირებით მისი გეგმები ამას დაუკავშირდება.
POLITICO-ს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, სავარაუდოდ, განიხილავს ალიანსის გაფართოებაზე უარს, კონკრეტულად, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში.
„უკრაინაში მიმდინარე ორ წელიწად-ნახევრიანი კონფლიქტის სწრაფი მოგვარება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს NATO-ზე ტრამპის გეგმებში. უკრაინასთან დაკავშირებული გეგმის ფარგლებში, რაც აქამდე არ იყო ცნობილი, არის ის, რომ ტრამპი განიხილავს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, NATO აღმოსავლეთით – კონკრეტულად, საქართველოსა და უკრაინაში – შემდგომი არგაფართოების ვალდებულებას იღებს”.
გარდა ამისა, მედია ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი, სავარაუდოდ, განიხილავს მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან იმასთან დაკავშირებით, თუ უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილის დატოვება შეუძლია მოსკოვს.