ახალი პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი „ტელეკომპანია პირველთან“ საუბარში კითხვაზე – თუ ვინ აფინანსებს ახალ პლატფორმას, ამბობს, რომ ამ ეტაპზე არავინ.
„ჩვენ აქამდე სამოქალაქო მოძრაობა გვქონდა, მე და ლევან იოსელიანს, ჩვენს ლიდერებს ასევე სხვებს. ჩვენ გვქონდა ორი გრანტი – ერთი ბრიუსელიდან ევროპის დემოკრატიის მხარდამჭერი გრანტი და მეორე, აშშ-ს დემოკრატიის მხარდაჭერუს ფონდი. როგორც კი ჩვენი პარტიის რეგისტრაციის (ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის სამოქალაქო მოძრაობის პარტიად რეგისტრაციაზეა საუბარი) პროცესი დასრულდება, არაფერი. პარტიის რეგისტრაციის 3 000 ლარი ჩვენ გადავიხადეთ, ჯერჯერობით სხვა ხარჯი არ გვქონია. არა, არ ვაპირებთ ასე უფულოდ ყოფნას, მაგრამ მე ვიცი ორი რამ, დღეს პოლიტიკას დიდი ფული არ სჭირდება, ეს არის მითი, ტყუილი და რატომაც არის ბინძური ეს ჩვენი პოლიტიკა მაგიტომ, რომ ეს ბინძური ფული ტრიალებს და იმიტომ დასტრიალებს გარშემო ამდენი პოლიტიკოსი, “- ამბობს ალეკო ელისაშვილი.
დღეს ანა დოლიძემ, ლევან კობერიძემ, ალექსანდრე ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა დღეს ხელი მოაწერეს მემორანდუმს ახალი პლატფორმის შექმნის შესახებ.
მათი თქმით, ახალი პლატფორმა აერთიანებს მოქალაქეებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს უპერსპექტივო მომავალი აქვს „ცუდი და უარესი პოლიტიკური არჩევანის პირისპირ“, რადგან პოლიტიკური დღის წესრიგი მონოპოლიზებული აქვს ორ ძალას, რომლებიც „ფსევდოდაპირისპირებით აძლიერებენ ერთმანეთს“, ხალხის პრობლემებს კი უყურადღებოდ ტოვებენ.