პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, 17 ივნისს თსუ-ში „ე.წ. პროტესტი“ დავით კეზერაშვილმა დაგეგმა, რასაც ორგანიზება მისმა ცოლის ძმამ, დიმიტრი ჩიქოვანმა გაუწია.
„სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება, დაუპირისპირდეს იმ აღვირახსნილ ქმედებებს, რომლებსაც გეგმავს ტელეკომპანია „ფორმულა“, რომლებსაც გეგმავს კეზერაშვილი. კეზერაშვილის დაფინანსებული 4 კაცი იყო იქ [თსუ-ში] მოსული. დიმიტრი ჩიქოვანი იყო ორგანიზატორი, ხოშტარიასთან ერთად. მან დააორგანიზა და დააფინანსა… პატარა ჰონორარები გადაიხადა იმ ე.წ. პროტესტისთვის, რომელიც განახორციელეს..
ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია… ჩვენ ჩვენი წყაროები გვყავს. იმდენად მორღვეულია ოპოზიცია, შიგნიდან უამრავი ინფორმაცია გამოდის. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, სად, როგორ დაგეგმეს, რამდენი დაუჯდათ ეს ყველაფერი… ეს ყველაფერი ჟონავს. შიგნით არიან მორღვეულები…“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ ვინ იყო ჩართული შეხლა-შემოხლაში, კობახიძე პასუხობს:
„არავითარი ფორმალური და არაფორმალური დაცვის წევრები იქ არ ყოფილან. რაც შეეხება ჩემს პირად დაცვას, სულ ორ ადამიანზეა საუბარი. რაც შეეხება სხვა ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ, იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებმაც რამდენიმე „გირჩელი“ გააძევეს თსუ- მეორე კორპუსიდან. სტუდენტებიც იყვნენ. შეიძლება იყვნენ ჩვენი პარტიის წარმომადგენლებიც“, – აცხადებს კობახიძე.
„ოცნების“ თავმჯდომარემ, ამავდროულად, აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის „პოლიტიკური აქტივობების“ ადგილი. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ” ეს პრაქტიკა [პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტებში] წარსულს ჩააბარა.
„პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ეს პრაქტიკა ჩავაბარეთ წარსულს. 2012 წლამდე პირდაპირ შედიოდა პოლიტიკა უნივერსიტეტებში, მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კონკურსები ტარდებოდა პოლიტიკური ნიშნით. არიან პირდაპირ პროფესორები, სრული პროფესორის სტატუსის მქონე ადამიანები, ასოცირებული პროფესორები და ა.შ., რომლებიც პოზიციებზე განწესებულები არიან პოლიტიკური ნიშნით.
ადამიანის უფლებებს ასწავლის ადამიანი, რომელმაც თვითონ არ იცის… რატომ? იმიტომ, რომ არის თავის დროზე დანიშნული „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით. მე პირადად 2010 წელს მომიწია თსუ-ის დატოვება. გავაკრიტიკე საკონსტიტუციო ცვლილებები და მიიღეს კონკურსზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩემი თსუ-დან გაძევების თაობაზე. დღეს იგივე ხალხი ცდილობს, დააბრუნოს პოლიტიკა თსუ-ში. თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი. უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი პოლიტიკის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
17 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საპროტესტო ბანერების გაშლის გამო, დაპირისპირება მოხდა. სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც ერთ-ერთ სტუდენტს, უცნობი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე, ცემის მუხლითაა დაწყებული.