„ქართული ოცნების“ წევრის დავით სერგეენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე იექმებმა უნდა იზრუნონ და მნიშვნელოვანია, მასში პოლიტიკოსები არ ჩაერიონ. სერგეენკოს თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს პოლიტიკოსი, პაციენტის მდგომარეობას მათი ჩარევა მხოლოდ აუარესებს.
„ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერ განსაზღვრავს, რა არის უკეთესი პაციენტისთვის. პოლიტიკოსების ჩარევა კლინიკურ მედიცინაში მხოლოდ აუარესებს სიტუაციას და არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების იქნება ეს პოლიტიკოსი და რა პოზიციის წარმომადგენელი იქნება. როდესაც აქცენტები არასწორად კეთდება და პასუხისმგებლობა ენიჭება პაციენტის მართვაზე მმართველ პარტიას, პოლიტიკოსებს, არის დამაზიანებელი.
თუნდაც ერთი ფაქტორის გამო – აზიანებს პაციენტის დამყოლობას მკურნალობაზე. რაც შეეხება ოჯახის წევრების განცხადებას, მე ამას უბრალოდ არ ვეხები. იმიტომ, რომ ოჯახის წევრების პოზიცია გასაგებია და ისინი ცდილობენ, რომ რაც მათ ესმით, უკეთესი გააკეთონ ამისათვის…
…მე ვხედავ, რომ პაციენტ სააკაშვილის შემთხვევის მართვა, ასეთი ტერმინი არის კლინიკურ მედიცინაში, მიმდინარეობს არასწორად, ცალსახად არასწორად“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.