პოლიტიკოსმა პირველ რიგში უნდა ილოცოს, რომ დაეხმაროს ქვეყანას - ინაშვილი

პუბლიკა

„პატრიოტთა ალიანსის” წევრი და მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ირმა ინაშვილი სამების ტაძარში აღდგომის წირვას დაესწრო და მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ვინ თქვა, რომ პოლიტიკოსებმა არ უნდა იარონ ტაძარში, არ უნდა ილოცონ, ღმერთი არ უნდა ახსენონ. პოლიტიკოსმა პირველ რიგში უნდა ილოცოს, რომ დაეხმაროს მის ქვეყანას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა მედიასთან.

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ეკლესიებში გუშინ სააღდგომო წირვა ჩატარდა.

მთავრობის წევრები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მრევლს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

ჯანდაცვის ექსპერტები და მეცნიერები მთელ მსოფლიოში შეთანხმებულნი არიან, რომ სოციალური დისტანციის დაცვა საუკეთესო გზაა კორონავირუსთან საბრძოლველად. საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობის თქმით, ნებისმიერი თავყრილობა, მათ შორის ეკლესიებში, შეიცავს ვირუსის გავრცელების საფრთხეს.