„პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად“ - ბაჩო ახალაიამ საპატიმრო დატოვა

პუბლიკა

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რას აპირებს მომავალში, ახალაია პასუხობს, რომ მას ამ ეტაპზე შეუძლია ისაუბროს, თუ რას არ აპირებს.

„პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად“, – უთხრა ჟურნალისტებს ახალაიამ.

მან ასევე თქვა, რომ ძალიან დაღლილია და ჟურნალისტების სხვა შეკითხვებს არ უპასუხებს.

„დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული. პოლიტიკოსობას არ ვაპირებ ნამდვილად. ეს არ არის ჩემი საქმე. აგერ მიდგას გვერდით მიზანი – მეუღლე და ჩემი შვილები. ეს არის მთავარი ამოცანა და ცოტა ფეხზე დადგომა მინდა. გამოფიტული ვარ, დაღლილი და გადაღლილი ვარ,“ – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ახალაიამ მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ:

„ერთი სიტყვით მინდა განსაკუთრებული მხარდაჭერა გამოვხატო უკრაინის მიმართ. გაოცებული ვარ ამ ხალხით. გაოცებული ვარ! და თუ შეიძლება ვთქვა, ცოტა მშურს. სამწუხაროდ, ახლა ბევრი არაფერი შემიძლია“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

ახალაიას 9-წლით თავისუფლების აღკვეთა ე.წ. რუსი ჯაშუშების საქმეზე ჰქონდა მისჯილი.