„ივანიშვილს აქვს საფრანგეთის პასპორტი, პრეზიდენტი ფრანგია" - მუმლაძე პროცესებში საფრანგეთის ჩართვის მნიშვნელობაზე

პუბლიკა

საქართველოში, პოლიტიკურ პროცესებში ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული საფრანგეთი და ამას აქვს თავის მიზეზი, – ამის შესახებ გიორგი მუმლაძე, „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის მსურველი აცხადებს. მან ამ მიზეზებზე „TV პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა” საერთაშორისო პარტნიორებთან არასწორი მიმართულებით მუშაობს და მიაჩნია, რომ საფრანგეთი და ზოგადად პარიზი მეტად უნდა ჩაერთოს მიმდინარე პროცესში. თუ რატომ, გთავაზობთ მის ხედვას:

„ხშირად არის ხოლმე არგუმენტები, „ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან”. აქვე აღვნიშნავ, რომ ორი დღის წინ, 9 დეკემბერს, რაფაელ გლუქსმანმა, ფრანგმა ევროპარლამენტარმა ძალიან საინტერესო რამ თქვა სხვათა შორის – მან ისაუბრა  მიხეილ სააკაშვილზე და აღნიშნა, რომ აუცილებელია, რომ ევროპარლამენტში დაიწყოს უფრო აქტიური მუშაობა ამასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა…

მე ამაზე მეგობრებთან ერთად ხშირად ვსაუბრობ და პირდაპირ ვთქვათ მოდით, გლუქსმანის განცხადება იყო პირდაპირ ილუსტრირება იმისა, რომ პარტიები და თუნდაც „ნაციონალური მოძრაობა” არასწორი მიმართულებით მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან.

საქართველოში, პოლიტიკურ პროცესებში ძალიან აქტიურად უნდა იყოს ჩართული საფრანგეთი და ამას აქვს თავის მიზეზი: – როგორც გლუქსმანი ამბობს, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი არის ფრანგი და რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს აქვს ფრანგული პასპორტი. ეს რას ნიშნავს მეგობრებო – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ დიპლომატიური ურთიერთობა, კომუნიკაცია პირველ რიგში საქართველოში საფრანგეთის ელჩთან, დიეგო კოლასსთან და გარკვეულწილად ეს ხალხი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში.

და რატომ? – ბიძინა ივანიშვილს რატომ აქვს გარკვეულწილად გარანტიები, უსაფრთხოების და ა.შ. იმიტომ, რომ მას ჯიბეში უდევს ევროკავშირის წევრი ქვეყნის პასპორტი, წამყვან ქვეყანაზეა საუბარი, საფრანგეთზე. შესაბამისად, როდესაც არაფორმალური მმართველი არის ფრანგი მოქალაქე და ამასთანავე, ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, იგივე ნიკა გვარამია, და სხვა პოლიტპატიმრები, ისიც არის ფრანგი, შესაბამისად საფრანგეთს აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა საქართველოსთან მიმართებით…. პლუს ვიცით, რომ ძალიან დიდი კაპიტალი არსებობს ამ ორი ფიგურის საფრანგეთში. მათ შორის ქონებრივი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.

ამიტომ, „ჩვენ ვმუშაობდით საერთაშორისო პარტნიორებთან”, მე არ მინახავს ასეთი აქტიური მუშაობა ფრანგულ მხარესთან…

გლუქსმანის განცხადება იყო ნათელი და მკაფიო, რომ თუ გვინდა კონკრეტულ შედეგზე გავიდეთ, საფრანგეთი და ზოგადად, პარიზი უნდა ჩაერთოს პროცესში, ვინაიდან წარმოუდგენელია, საქართველოს ევროპულ მომავალს მხარს უჭერდეს საფრანგეთი და საფრანგეთის მოქალაქეები ხელს გვიშლიდნენ ამ პროცესის რეალიზებაში”, – აღნიშნა მან.