„სპორტულად ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა“, – ასე მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კალათბურთელებს, რომლებმაც დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე ვენესუელა დაამარცხეს.
თეა წულუკიანის თქმით, ვენესუელა ის ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთი აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
„სპორტულად ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა, რადგან ეს [ვენესუელა] ის ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთი თავის ტვინში წაგვართვა და აღიარა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ ორი მიმართულებით ჩვენ ისინი სამაგალითოდ დავჯაბნეთ და მადლობა თქვენ ამისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ და სირია – ეს იმ სახელმწიფოთა ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებენ.
დღეს, 30 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ვენესუელის ნაკრები ანგარიშით – 70:59 დაამარცხა და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.
მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველო გერმანიასა და ავსტრალიას შეხვდება.