პოლიტიკური ამბიციების გამო დაპირისპირება, საბოლოოდ ამ პარტიების მიმართ ნდობასაც აზარალებს - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა კონფერენციაზე  „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე“.

მისი თქმით, ერთიანობა აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო თავის ადგილზე დადგეს. ეს ერთიანობა კი საზოგადოების დაკვეთაა.

„შეიძლება, პოლიტიკურმა ძალებმა ჯერ კიდევ ვერ გაითავისეს ასეთი დაკვეთის არსებობა, რამეთუ საზოგადოებას არ აქვს ის საშუალებები, რომ თავისი დაკვეთა პოლიტიკურ პარტიებამდე მიიტანოს და გააგებინოს მათ თავისი ხმა.

ამ პერიოდში, ეს დაკვეთა კიდევ უფრო გაძლიერდა, რადგან, როგორც კი ხედავ, რომ მსოფლიო შენს ირგვლივ იცვლება, რომ ჩნდება ახალი გამოწვევები, ახალი შესაძლებლობები, იქმნება ახალი არქიტექტურა, (თუმცა, მე მგონი, რომ არავინ არ იცის რა იქნება და როგორი იქნება), ამ შემთხვევაში, მით უმეტეს, პატარა ქვეყანაში, რომელიც თავს ისე დაცულად ვერ გრძნობს, კიდევ უფრო დიდია მოთხოვნა, რომ იყოს გაერთიანებული და საზოგადოებას ვთავაზობდეთ ერთიან თვალთახედვას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, როგორც არ უნდა დასრულდეს „ეს ანაქრონული ომი, უკრაინელები უკვე გამარჯვებულები არიან: მათ საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის უდიდესი ფასი გადაიხადეს და გაამყარეს ის“.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს წინ ძალიან დიდი პერსპექტივები იხსნება.

„მთავარია, ამ ახალი შესაძლებლობების და საფრთხეების ფონზე, ჩვენ ვიცოდეთ, რა გვინდა და როგორ გვინდა, რა არის ჩვენი ფასეულობები. მთავარია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, თუნდაც თვითონ ორჭოფობდნენ, რომ შემდეგი ნაბიჯების გადადგმის შესახებ ჩვენი არჩევანი ურყევია.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიზნის ქვეშ ყველა ძალა უნდა იყოს გაერთანებული, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით! პოლიტიკური ამბიციებით განპირობებული დაპირისპირება მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს არ ეწინააღმდეგება, საბოლოოდ ამ პარტიების მიმართ ნდობასაც აზარალებს.

მთავრობისა თუ ოპოზიციის ნებისმიერი ნაბიჯი ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს და არ აყენებდეს საფრთხის ქვეშ, მიზანი ძალიან ცხადი უნდა იყოს და არ ბადებდეს ეჭვს ჩვენს გულწრფელ არჩევანსა და მიმართულებებზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მხოლოდ ამგვარად დაიმკვიდრებს საქართველო  ადგილს ევროპაში, დაუბრუნდება თავის თავს და იმ მომავალს, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის.