პოლიტიკური ბოიკოტი თუ საბოტაჟი - ოხანაშვილის განმარტება დაფინანსების კანონპროექტზე

პუბლიკა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პაკეტს „საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ“, რომელიც პარტიების დაფინანსების წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

უფრო კონკრეტულად, პაკეტი ითვალისწინებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებას და თანმდევ პროექტებს – საარჩევნო კოდექსსა და რეგლამენტში ცვლილებას.

კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, ანრი ოხანაშვილმა, კანონპროექტის არსის წარდგენის შემდეგ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები დაინტერესდნენ როგორც კანონპროექტის ტექნიკური დეტალებით, ასევე იმით, რომ საზოგადოებას ნათლად აუხსნან, რა განსხვავებაა პოლიტიკურ ბოიკოტსა და საბოტაჟს შორის.

დეპუტატი რატი იონათამიშვილი დაინტერესდა, ეხება თუ არა ე.წ. უკუძალის საკითხს ეს კანონპროექტი.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, უკუძალა არის, როდესაც კონკრეტულ პირს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას შეუწყვეტ და გააუარესებ მის მდგომარეობას, ამ კანონპროექტით კი ასე არ ხდება.

„ჩვენ ვიცავთ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპს. რა თქმა უნდა, არ მოვაწერთ ხელს უსამართლო კანონპროექტს.

ჩვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ეხება იმ ურთიერთობებს, რომლებიც შემდგომში წარმოიშობა საგაზაფხულო სესიიდან. მანამდე ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს არჩევანის თავისუფლება, მოექცეს სამართლებრივ სივრცეში; არა ჩვენ მიერ გაწერილში, არამედ – კონსტიტუციის სულისკვეთება რაც არის, დემოკრატიის პრინციპი, რაც აქამდე მოქმედებდა და არეგულირებდა რიგ საკითხებს…

და ეს არის, სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გარკვეული ოპოზიციური პარტიების მიერ საბოტაჟის შემოტანის სიახლე, ამ ფორმით, რასაც ეს პარტიები აკეთებენ; …როდესაც ამ ელემენტარულ თამაშის წესებს არ იცავ და ხალხის ნებას უპირისპირდები, ლოგიკურია, უკუძალის საკითხზე საუბარი სრულიად უსაფუძვლოა.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ჩამოყალიბდნენ და გააკეთონ არჩევანი კეთილსინდისიერად, გააკეთონ არჩევანი, ხალხის ნების შესაბამისად იმოქმედებენ თუ მიმართავენ საბოტაჟს “, – განაცხადა მან.

განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ოპონენტები მიზანმიმართულად ურევენ ერთმანეთს ბოიკოტსა და საბოტაჟს შორის განსხვავებას და უნდათ წარმოჩენა, თითქოს სწორედ პოლიტიკური ბოიკოტის გამო მიიღება ეს კანონი, რაც, წულუკიანის თქმით, არის მორიგი ყალბი ინფორმაცია.

„პოლიტიკური ბოიკოტი არის პოლიტიკური ცხოვრების ნაწილი, ჟესტი და მიუხედავად იმისა, რომ ქართულ რეალობაში ხანდახან ძნელია, განასხვავო პოლიტიკური მებოიკოტეები დღეს მართლა მებოიკოტეები და პოლიტიკოსები არიან, თუ ქუჩის „საბოტაჟნიკები“. ეს ზღვარი ჩვენ უნდა გავავლოთ და ამაში ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა და არა მხოლოდ იურიდიულმა კომიტეტმა.

საქმე ეხება სინამდვილეში იმასთან, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ხალხთან, ვინც საკუთარ ამომრჩეველს უღალატა. ჩვენ ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს, „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სხვადასხვა განყოფილების, იქნება ეს „ევროპული საქართველო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ – მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მათ ჰყავთ ამომრჩეველი და ისინი არიან მრავლად. მათ ამ ამომრჩეველს უღალატეს და ის მანდატების ფული, უხეშად რომ დავარქვათ, რაც მათ არ აითვისეს, სწორედ ეს ერთმევათ მათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი აზრით, ამ კანონპროექტის ინიცირება დაგვიანდა კიდეც:

„მზოფლიოში ერთადერთი პოლიტიკოსია და ისიც ქართველია, რომელიც რომ გარდაიცვლება, მაინც 7% ექნება რეიტინგი. შალვა ნათელაშვილს ვგულისხმობ. ეს ადამიანი, ძველ დროში, ნაციონალები რომ იყვნენ ხელისუფლებაში, თქვა, არ შევდივარ პარლამენტშიო, არ დაწერა წერილი, მოატყუა საკუთარ ამომრჩეველს, საზოგადოებას, ჩვენ ყველას მოგვატყუა… შემოიპარა პარლამენტში, არ დადიოდა და იღებდა ხელფასს , ამიტომ მე ვფიქრობ, ეს ნორმა არის ცოტა დაგვიანებული, წინა მოწვევის პარლამენტებსაც უნდა მიეღოთ“, – განაცხადა მან.

რაც შეეხება საბოტაჟსა და პოლიტიკურ ბოიკოტს შორის განსხვავების ოხანაშვილის განმარტებას: მისი თქმით, ამჟამად ოპოზიცია რასაც აკეთებს, საბოტაჟია და არა პოლიტიკური ბოიკოტი.

ოხანაშვილის თქმით, სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიტიკური ბოიკოტი საპარლამენტო ცხოვრების ნაწილია, რომელსაც, მისი თქმით, ოპოზიცია მე-9 მოეწვევის პარლამენტში იყენებდა. ოხანაშვილის განმარტებით, ბოიკოტი შესაძლოა, გამოცხადდეს მაშინ, „როდესაც არ იზიარებ კონკრეტულ პოზიციას, არ მიგაჩნია, რომ უნდა დაესწრო იმ სხდომას და ა.შ“.

„დღევანდელი მოქმედება მათ [ოპოზიციას] უნდათ, შეფუთონ, როგორც პოლიტიკური ბოიკოტი, რაც არ არის. ეს არის საბოტაჟი. საბოტაჟი ნიშნავს ელემენტარულ, კონსტიტუციით გათვალისწინებულ დემოკრატიის პრინციპსა და ხალხის წარმომადგენლობაზე უარის თქმას.

ეს უარი შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ ამბობ, მე ვტოვებ მანდატს და ამით უარს ვამბობ ხალხის წარმომადგენლობის განხორციელებაზე, ან შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ [პარტიიდან დეპუტატთა] ნახევარი მაინც პლენარულ სხდომათა ნახევარს მაინც არ დაესწროს.

ოღონდ, თუ დაწერენ ისინი, რომ პოლიტიკური ბოიკოტის გამო არ ესწრებიან სხდომებს, ეს საპატიოა, ჩვეულებრივი პოლიტიკური მოვლენაა და ამის გამო არავის არ უჩერდება დაფინანსება.

საბოტაჟი ნიშნავს პარლამენტის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟს და არა „ქართულ ოცნებას“ რომ არ ეთანხმები რაღაცაში და ჩვენ რომ რადიკალურად განსხვავებული პოზიციები გვაქვს… ეს არის წითელი ხაზი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის განცხადებით, პაკეტის არსებული ვარიანტით, თუ აქამდე გათვალისწინებული იყო დაფინანსების 1 წლით შეჩერება, ახლა შეთავაზებულია სესიის განმავლობაში (6 თვით) შეჩერება.

„თუ გადაიფიქრებენ 6 თვის შემდეგ და შეწყვეტენ საბოტაჟს, ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ დაფინანსება“, – განმარტა მან.

ოხანაშვილისვე განმარტებით, საქართველოში დღეს არსებული კანონმდებლობით უკვე გათვალისწინებულია რეგულაციები, რა შემთხვევაში კარგავს პარტია ერთი წლით დაფინანსებას.

„ისეთი ტექნიკური საკითხის გამოც კი შეიძლება დაკარგოს, როგორიც არის საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა შესაბამის ვადაში“, – თქვა მან და დაამატა, რომ თუკი ამ ტექნიკური საკითხის გამოა გათვალისწინებული დაფინანსების შეჩერება, უფრო ლოგიკურია, ხალხის ნების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც მოხდეს ეს.

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიას დაფინანსება შეუნარჩუნდება იმ შემთხვევაში, თუ პარტიიდან არჩეულ დეპუტატთა ნახევარი მაინც არ იტყვის უარს საპარლამენტო უფლებამოსილების შესრულებაზე.

„დემოკრატია – ეს არის უმრავლესობის მმართველობა. ამ პრინციპიდან ამოვედით. პარტიამ ხალხის ნება უნდა გაატაროს იმ ფორმით, რომ პარტიის სულისკვეთება გამოიხატებოდეს და ნახევარი მაინც  გამოხატავდეს პარტიის სულისკვეთებას, ამაზეა აგებული ეს პროექტი“, ვ თქვა მან.

დეპუტატი კახა კახიშვილი დაინტერესდა პროცედურით, როგორ იქნება დე იურე ცნობილი უარის. კახიშვილმა დააზუსტა: „შეიძლება, ვიღაცებმა დაწერეს განცხადებები 1 თვის წინ… დრო და ვითარება შეიცვალა, აზრი შეიცვალა, ეს განცხადებები გამოიგზავნა პარლამენტში… ასეთ შემთხვევაში, რა ვალდებულება აქვს შესაბამის კომიტეტებს, დაადგინოს აქტუალობა იმ განცხადების, რომელიც დაწერილი იყო რაღაც დროის წინ, რაღაც პრობლემა რომ არ შეიქმნას და ვინმემ არ თქვას, რომ გადაიფიქრა?“, – იკითხა კახიშვილმა.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, რეგლამენტის თანახმად, როცა პარლამენტის წევრი წერს განცხადებას უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტასთან დაკავშირებით, მოქმედებს პარლამენტის წევრის დაცვის მთელი რიგი მექანიზმები.

ოხანაშვილის თქმით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს სხვადასხვა საკითხს, არკვევს მოხდა თუ არა [მისი დაწერა] დეპუტატის ნების შესაბამისად, არის გარკვეული ვადები, როცა შეუძლია მას გაიხმოს განცხადება… ოხანაშვილის თქმით, დეტალების დაზუსტება შესაძლებელია, მომდევნო მოსმენებზე მოხდეს.