პარტია „გირჩის“ დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციის მიზანი და შინაარსი არ ესმის, რის გამოც დღეს აქციაზე არ იქნება.
„მათი მიზანი თუ სააკაშვილის პატიმრობის გაპროტესტებაა, როცა ის საქართველოში ჩამოდიოდა, ესმოდა, რომ ეს დასრულდებოდა პატიმრობით და მაშინ, რას ვაპროტესტებთ, ვერ ვხვდები?! პრობლემაა არა ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, არამედ ის რომ ერთ მხარეს არის მილიონი ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ციხეში უნდა იყოს, მეორე ნახევარი მილიონი მიიჩნევს, რომ არ უნდა იყოს და ამ დაპირისპირებიდან როგორ გამოვალთ, ეს არის პრობლემა.
არ მივიჩნევ, რომ ამ შემთხვევაში სააკაშვილს, როგორც პოლიტპატიმარს ვუყურებთ. ის, რომ მართლა ჩამოეყვანათ და დაეკავებინათ, რაღაც შინაარსი გაჩნდებოდა, მაგრამ ის ამაზე ხომ განზრახ წავიდა? პოლიტიკური ჟესტია, რომ ციხეში ზის, მაგრამ ამ ჟესტს რა მიზანი ჰქონდა არ ვიცი. ახლა რატომ უნდა გააპროტესტო ის, რაც თვითონ გააკეთა, ეს არ მესმის, თორე ზოგადად, სასამართლო რეფორმა რომ ჩასატარებელია, ამაზე პირველები ვიყავით, როცა ვსაუბრობდით.
თუ ამისთვის ვიბრძვით, ამისთვის ვიკრიბებით და ეს არის შინაარსი, „ოქეი“, მაგრამ არანაირი შთაბეჭდილება არ მრჩება, რომ რეფორმებსა და ცვლილებებზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ერთი კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ მიზანზე”, – განაცხადა რაქვიაშვილმა. რაქვიაშვილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია თავისუფლების მოედანზე 18:00 საათზე დაიწყება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის თქმით, დღეს დაგეგმილია მთავარი აქცია, ამის შემდეგ კი გაიმართება შედარებით მომცრო აქციები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.