თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს მერიის მედიის ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, თაია მახარაშვილი.
მისი თქმით, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
როგორც მახარაშვილი ამბობს, ოფიციალურად უთხრეს, რომ მისი შრომითი ხელშეკრულება არ გაგრძელდება, ვინაიდან მისი პოზიცია გაუქმდა.
„ანუ მერიას არ სჭირდება მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერი. ეს არის ოფიციალური პასუხი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მე ვარ იმ ადამიანებს შორის, რომელმაც ხელი მოაწერა საჯარო განცხადებას, რომელიც გამოხატავს ჩვენს ერთგულებას კონსტიტუციისა და ევროინტეგრაციისადმი, ასევე, თუ გავითვალისწინებ, რომ სხვა ადამიანებთან ერთად რამდენიმე დღის წინ ჩამოვაყალიბე საჯარო მოხელეების პროფკავშირი, ეს ორი დეტალი მიანიშნებს, რომ გადაწყვეტილება შეიძლება იყოს პოლიტიკური”. – თქვა მახარაშვილმა.
მან ასევე „ფეისბუქზე” დაწერა:
„ზედმეტიც მგონია იმის თქმა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც წინ უძღვოდა მთელი რიგი განცხადებები “ქართული ოცნების” ლიდერებისგან, რომლებმაც კონსტიტუციის ერთგულების გამო რა არ დაგვაბრალეს: ხან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი დაგვიწუნეს, ხან საბოტაჟში დაგვდეს ბრალი, ხან, თვითლუსტრაცია და თვითწმენდა უწოდეს ამ პროცესს; ისიც კი თქვეს, რომ ერთმანეთს ვაშანტაჟებდით, რომ ხელი ყველას მოგვეწერა (ეს ბოლო მეც მაინტერებს, როგორ იყო)”.
იმავე – შტატის გაუქმების საბაბით თბილისის მერიიდან გაათავისუფლეს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი, ლანა ქარდავა.
„არ გვაპატიეს „უსამშობლო რადიკალებად“ და საბოტაჟის მომწყობებად შერაცხულებს ქვეყნის, ღირებულებებისა და კონსტიტუციის, საჯარო მოხელის ფიცის ერთგულება. ყველაზე მეტად კი არ გვაპატიეს ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის ღალატისგან ღიად, საპროტესტო პეტიციაზე ხელმოწერის ფორმით გამიჯვნა. პოლიტიკური ნიშნით ამ საყოველთაო რეპრესიების ტალღის დაძვრის მიზეზი სწორედ ეს გახდა.
ამასწინათ ვწერდი და ახლაც გავიმეორებ, რკინასავით მტკიცეა ჩემი პრინციპულობა და ბრძოლის ჟინი, როდესაც საქმე ჩემი გადაწყვეტილებისა და სიმართლის დაცვას, ქვეყნის მომავლის დაბნელებისგან დაცვას შეეხება”. – დაწერა მან.
გუშინ, 26 დეკემბერს, 8-წლიანი მუშაობის შემდეგ მერიიდან გაათავისუფლეს გიგა სოფრომაძე – ბილისის მერიის შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორი.
თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე რამდენჯერმე დაემუქრა მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებმაც გააპროტესტეს მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები.
დეკემბრის დასაწყისში გავრცელებულ განცხადებას ხელი მერიის 220-ზე მეტმა თანამშრომელმა მოაწერა.
4 დეკემბერს თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ ამ განცხადებას საბოტაჟი უწოდა და თქვა, რომ ეს პასუხგაუცემელი არ დარჩება.