პარლამენტის თავმჯდომარისა და ოპოზიციური პარტიის ლიდერების შეხვედრა ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო. მისი თქმით, შეხვედრა უახლოეს მომავალში კვლავ გაიმართება.
„პოლიტიკური დიალოგი დაიწყო და ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ იმთავითვე ვთქვით, რომ საუბარი პოლიტიკურ პარტიებს შორის და დიალოგი არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ვიტყოდი რომ ეს იყო პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიურო დასაწყისი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვან შედეგამდე მივალთ.
ჩვენი დიდი სურვილია დავაახლოვოთ პოზიციები. ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურებოდა. გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველა მხარეს ჰქონდა. ყველას ყურადღებით მოვუსმინეთ და რაც მთავარია, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობის, მათი მხარდაჭერის პოზიტიური მნიშვნელობა. მათ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოხატეს იმისათვის, რომ ეს დიალოგი დასრულდეს კონკრეტული შედეგით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ინტერესებშია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, მათი პოზიცია არის მკაფიო და მზად არიან, გადაამოწმონ ყველა ის საკითხი, რომელიც ოპოზიციის მხრიდან დაისმება.