პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება - კარლ ჰარცელი

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს ავრცელებს.

„ესკალაციის ლოგიკა იმარჯვებს. პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ყველა მხარემ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და ქვეყნისა და საქართველოს ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს. საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას, “-ამბობს კარლ ჰარცელი.


პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

ოპოზიციამ 3 საათისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსა. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ.