პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით | „ფიგარო“ საქართველოს შესახებ

პუბლიკა

ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე წერს. „პოლიტიკური კრიზისი რუსული სურნელით“  – ასე ჰქვია სტატიას, რომელიც მიმდინარე მოვლენებს 2019 წლის ივნისის აქციებისა და საქართველოში სერგეი გავრილოვის ვიზიტის კონტექსტში მიმოიხილავს.

„რუსეთმა დიდი ხანია დაკარგა 3.7 მილიონი ქართველის გულში ადგილი. თუმცა, 2021 წელს ახალმა კრიზისმა კიდევ ერთხელ შეარყია ქვეყანა. ეს ახალი ეპიზოდია იმ სერიიდან, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს რუსეთის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომიდან დაიწყო.

გავრილოვი მაშინ მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეას ხსნიდა და ერთი შეხედვით, ბუნებრივი იყო ის სავარძელი დაეკავებინა. თუმცა, ამ შემთხვევამ საქართველოში მასობრივი პროტესტი გამოიწვია. რადგან ესაა ქვეყანა, რომელიც თავს რუსეთიგან „ოკუპირებულად“ განიხილავს. იგულისხმება რუსეთის მხარდაჭერა და ყოფნა მის სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხეთ ოსეთში.

მაშინ, 2019 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადადგომა მოუწია. რადგან მან ვერაფერი უჩვეულო ვერ დაინახა იმაში, რომ რუს დეპუტატს მისი სკამი დაეკავებინა. ახლა კი თანამდებობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტოვებს, რომელიც ამტკიცებს, რომ გუნდთან უთანხმოება მოუვიდა მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის შემდეგ“, – წერს „ფიგარო“.

გამოცემა ჰყვება როგორ მოუხსნა ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა „ქართულმა ოცნებამ“ ნიკა მელიას იმუნიტეტი, შემდეგ კი საქალაქო სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების დარღვევის გამო.

ავტორი დასძენს, რომ პოლიტიკურ დაპირისპირებას სერგეი გავრილოვმა კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი. მან „ცეცხლზე ნავთი დაასხა“ თავისი გამოხმაურებით და „ოცნების“ შექებით, რომ მმართველმა გუნდმა თითქოსდა გადატრიალებასა და დიქტატურის დამყარებას შეუშალა ხელი.

„მას შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს ნიკა მელიას და აცხადებენ, რომ ქართული მართლმსაჯულების სისტემა ბრძანებებს მოსკოვიდან იღებს. მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ბოლო წლებში ხშირად ხდება განხილვის საგანი პოლიტიზებულობის გამო.

ეს პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო მძიმე ხდება სამხრეთ კავკასიის კონტექსტის გათვალისწინებით. რუსეთმა ხომ გასულ თვეებში მთიანი ყარაბაღის ომის შემდეგ როგორც არასდროს, ისე გაიმყარა რეგიონში პოზიციები. კონფლიქტის შემდეგ, რომელმაც კიდევ ერთ ავტორიტარ ლიდერს, თურექთის პრეზიდენტ ერდოღანს მისცა რეგიონში თავისი გავლენის ზრდის საშუალება.

ამ დროს კი საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა, რომლის შემდეგაც დაიწყო ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი. „ქართული ოცნების“ გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში საკამათო გახდა და პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ თქვა უარი.

ხუთშაბათს კი „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლების სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი მოიყვანა. 38 წლის ფრანკოფონი ამ თანამდებობას ერთხელ უკვე იკავებდა 2013-2015 წლებში და ცუდი მოგონებები დატოვა“, – წერს „ფიგარო“.