საქართველოს სახალხო დამცველი, „კარტოგრაფების საქმეზე” თბილისის საქალაქო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის” მოსაზრებით მიმართავს.
,,სასამართლოს მეგობრის” სპეციალური ინსტიტუტია, რომელიც ცნობილია ლათინური ტერმინით “Amicus Curiae”, იგი ქართულ მართლმსაჯულებაში 2010 წლიდან მოქმედებს. სასამართლოს მეგობრის დანიშნულებაა დაეხმაროს სასამართლოს.
სახალხო დამცველმა, ამ შემთხვევაში, როგორც სასამართლოს მეგობარმა, საფუძვლიანად შეისწავლა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ წარმოებული საქმე და შედეგად სასამართლოს წინაშე საკუთარი მოსაზრება წარმოადგინა.
დასკვნის მიხედვით „წინამდებარე საქმეს გააჩნია პოლიტიკური ან სხვა ქვენა მოტივი.”
“სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარე წინასაარჩევნო პერიოდის მთავარ განსახილველ საკითხად იქცა. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები, პოლიტიკური საბჭოს წევრები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები და სხვები არჩევნებამდე დარჩენილი 1 თვის განმავლობაში პერმანენტულად იყენებდნენ მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალდების საქმეს პოლიტიკურ ოპონენტთა კრიტიკისთვის” – ვკითხულობთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში.
დასკვნის თანახმად, წარდგენილი ბრალდება ეფუძნება მხოლოდ იმას, რომ სახელმწიფო ხელისუფლების მქონე თანამდებობის პირებმა 1936 წლის 1:200 000 მასშტაბის რუკის გამოყენება გადაწყვიტეს – “ცხადია, მხოლოდ ეს გარემოება ვერ დააფუძნებს ექსპერტების დანაშაულს, რომლებმაც საწინააღმდეგო მოსაზრება წარადგინეს და რომელთა მოსაზრება ემყარებოდა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებსა და არგუმენტებს”.
ნინო ლომჯარიას მოსაზრებით, საქმის მასალებიდან არ იკვეთება რაიმე სახის ფარული, თაღლითური, მოტყუების, კორუფციული, ანდა ბოროტი განზრახვის ელემენტის დამადასტურებელი რაიმე გარემოება.