პოლიტიკური ნიშნით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სანოტარო საქმიანობა შემიზღუდეს - შენგელია

პუბლიკა

ნოტარიუსი ბაჩანა შენგელიას განცხადებით, 19 ივნისიდან ყოველგვარი სამართლებრივი საფუძველის გარეშე მას სანოტარო საქმიანობა შეეზღუდა. მისი განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს მოხელეებმა 19 ივნისს ქსელიდან გამორთეს პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ის საქმიანობდა.

როგორც შენგელიამ „პუბლიკას“ უთხრა, ის ფიქრობს, რომ მისთვის საქმიანობის შეზღუდვა პოლიტიკური ნიშნით მოხდა, ვინაიდან არ არსებობდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ეს შესაძლოა მომხდარიყო.

„სხვა ახსნა უბრალოდ არა აქვს, როცა სამართლებრივი პროცესი მიდის, მაშინ ბრძანება უნდა არსებობდეს პროგრამის შეზღუდვაზე, პროგრამის შეზღუდვა მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში შეიძლება – თუ მე დისციპლინურ დარღვევას ჩავიდენ და ეს დადასტურებული იქნება, ან სისხლის სამართლის დანაშაულს თუ ჩავიდენ, სხვა შემთხვევაში ასე შეზღუდვა არის დაუშვებელი, კანონი ამას კრძალავს. რადგან ასე პირდაპირ ადგნენ და გამორთეს, სხვა სამართლებრივ პროცესს მე ნამდვილად ვერ დავუკავშირებ (ამ გადაწყვეტილებას).

ვუკავშირებ მხოლოდ ჩემს აქტიურობას დედაჩემის საქმესთან დაკავშირებით, პლუს სტრასბურგში სარჩელია შეტანილი და ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება, რომ რაღაც ტიპის ზეწოლას ფიქრობდნენ. ალბათ მოახლოებული არჩევნებიც, უნდათ რომ მაქსიმალურად შემზღუდონ და წინასწარ პრევენცია განახორციელონ, რომ რაიმე აქტივობა არ მქონდეს. სხვას ფიზიკურად ვერაფერს ვუკავშირებ. დარღვევა არაფერი არ მქონია და ასე გაუგონარია, რომ პირდაპირ ადგნენ და გამორთეს სერვერიდან ჩემი პროგრამა და შესაბამისად საქმიანობაც შემიზღუდეს“, – უთხრა „პიუბლიკას“ ბაჩანა შენგელიამ.

მან უკვე წერილობით მიმართა პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოხელეების ან/და პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე.

შენგელია ასევე უახლოეს დღეებში მიმართავს სახალხო დამცველს, რათა დაინტერესდეს აღნიშნული საკითხით.

ბაჩანა შენგელიას განცხადებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, „პუბლიკა“ დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, სადაც განგვიცხადეს, რომ, თუკი შენგელიას საქმესთან დაკავშირებით უწყება განცხადებას გაავრცელებს, დაგვიკავშირდებიან. მასალა პასუხის მიღებისთანავე განახლდება.