გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში არსებობს პრიორიტეტების სია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
„პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, ქვეყანაში ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და ევროკავშირის დახმარებით მიღებული შეთანხმების შესრულება. ჩვენ გვჭირდება პროგრესი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში. ჩვენ გვჭირდება სრულყოფილი, თავისუფალი მედიაგარემო. ესაა ჩვენი რეკომენდაცია და იმედი გვაქვს, შემდეგ კვირას საბჭო ჩვენს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს“, – განაცხადა ვარჰეიმ.
ევროკომისია საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ამ ეტაპზე არ უჭერს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანამ უნდა გაიაროს რეფორმების გზა.
„იმისთვის, რომ წარმატებამ მიაღწიოს ქვეყანამ და შედგეს პოლიტიკურად, უნდა განსაზღვროს ცალსახა გზა სტრუქტურული რეფორმებისა ევროკავშირისკენ. ეს იქნება გზა, რომელზეც გაწერილი იქნება ყველა საჭირო რეფორმა, რომელიც გააერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებას, და რომელსაც ექნება ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას, რომ ევროპული პერსპექტივა მივცეთ საქართველოს და შემდგომ დავაკვირდეთ თუ რამდენად დააკმაყოფილებს შესაბამისს პირობებს საქართველო, სანამ მას გადავცემთ კანდიდატის სტატუსს”, – აღნიშნა მან.
ამავე ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ ევროკომისია უკრაინისთვის და მოლდოვისთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემს.