„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით კონსტიტუციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კონსტიტუცია არაერთხელ დამახინჯდა, მაგრამ 30-წლიანი ისტორიის მანძილზე პირველად გვაქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუცია.
ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ოცნების“ მმართველობის პირობებში კონსტიტუციის გარდამავალი დებულებები პოლიტიკური შანტაჟის საფუძველზე შეიცვალა, რომლის პრაქტიკაც უნდა დასრულდეს.
„კონსტიტუციის მიღების დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, ბუნებრივია, ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. ბუნებრივია, ჩვენთვისაც ეს არის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. ზუსტად 27 წლის წინ მიღებული იქნა საქართველოს კონსტიტუციის პირვანდელი რედაქცია, რაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელმაც საფუძველი დაუდო შემდეგ სახელმწიფოებრივი განვითარების პროცესს.
სამწუხაროდ, შემდეგი 20 წლის განმავლობაში უამრავი ცვლილება შევიდა საქართველოს კონსტიტუციაში, რომელიც არ ემსახურებოდა მის დახვეწას, არამედ პირიქით, იყო მიმართული სუბიექტური პოლიტიკური ინტერესების რეალიზებისკენ და სამწუხაროდ, მოხდა კონსტიტუციის დამახინჯება არაერთგზის.
გავიხსენებ პირველ რიგში 2004 წლის ანტიკონსტიტუციურ საკონსტიტუციო ცვლილებებს, შემდეგ იგივე განმეორდა უკვე 2010 წელს, ორივე მოხდა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის პირობებში, მოხდა რეალურად კონსტიტუციის ამ პარტიის ინტერესებზე მორგება და ჩვენ დაგვხვდა ზუსტად კონსტიტუციის ასეთი რედაქცია, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია.
დღეს პირველად, შეიძლება, თამამად ითქვას, ჩვენი 30-წლიანი უკანასკნელი ისტორიის მანძილზე გვაქვს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას. და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ჩვენ შევინარჩუნოთ. კონსტიტუციის სტაბილურობა არის სახელმწიფოს სტაბილურობს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ამას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე ჩვენი კონსტიტუციის არც ერთი ძირითადი ნორმა არ შეცვლილა, ჩვენ ვუფრთხილდებით კონსტიტუციის ძირითად ტექსტს. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც შეიცვალა კონსტიტუციის გარდამავალი დებულებები, რისი საფუძველიც იყო პოლიტიკური შანტაჟი, საბოტაჟი და ა.შ. ასეთივე ცვლილების განხორციელება მოგვიწევს ჩვენ წელსაც, მაგალითად, პროკურორის ნაწილში, თუმცა ეს პრაქტიკაც უნდა დასრულდეს. ბუნებრივია, არავითარი შანტაჟის და საბოტაჟის ფონზე არც ერთი კონსტიტუციური ნორმა არ უნდა შეიცვალოს, შესაბამისად, ასეთი იქნება ჩვენი პრაქტიკა სამომავლოდ, ჩვენ გავუფრთხილდებით საქართველოს კონსტიტუციის სტაბილურობას“, – განაცხადა მან.
შეკითხვაზე, საკონსტიტუციო ცვლილებები გაითვალისწინებს თუ არა საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხსაც, კობახიძე ამბობს, რომ ბარიერის დაწევის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს დეპოლარიზაცია, თუ ამის სურვილი ექნება ოპოზიციას.
„თუ დავინახავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს სურვილი, შემცირდეს ქვეყანაში პოლარიზაციის ხარისხი, ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, გაიზრდება ჩვენი ინტერესი, დაბლა დავწიოთ ბარიერი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, მეტად უნდა გავუფრთხილდეთ სახელმწიფოებრივ სტაბილურობას, სისტემის სტაბილურობას და ასეთ დროს უფრო მაღალი ბარიერი არის მიზანშეწონილი. საბოლოო ჯამში, ყველაფერი მაინც იქნება დამოკიდებული პოლარიზაციის ხარისხზე, რომელიც კონკრეტულ მომენტში იქნება მოცემული“, – განაცხადა მან.