საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, რომ ის დღეს ელოდა „ქართული ოცნების“ წევრებისგან კოლეგაზე თავდასხმის დაგმობას, მაგრამ მათ პირიქით, ძალადობა წაახალისეს.
„მე დღეს „ქართული ოცნების“ წევრებისგან, ჩვენი კოლეგებისგან, მოველოდი იმ ვანდალური ფაქტის გაკრიტიკებას, დაგმობას, რომელიც გუშინ ჩვენი კოლეგის, ხათუნა სამნიძის მიმართ განხორციელდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა თალაკვაძემ და კობახიძემ, თავიანი განცხადებებით ვფიქრობ, წაახალისეს ის ძალადობა, რომელიც, სამწუხაროდ, გუშინ მოხდა.
მე ვფიქრობ, ეს თქვენი განცხადება არის პოლიტიკური სიბრიყვე, პოლიტიკური სიმდაბლე, პოლიტიკური მავნებლობა მიმართული საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ”, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს და ამ კამპანიის ნაწილია, კობახიძის თქმით, ძმები ბერძენიშვილების განცხადებები.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებზე თავდასხმის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული, გამოძიება კი ძალადობის მუხლით გრძელდება. ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ხათუნა სამნიძე და დავით ბერძენიშვილი აცხადებენ, რომ გუშინ, 6 ივნისს რუსთაველის გამზირზე მათ 2 ადამიანი დაესხა თავს. მათი თქმით, თავდასხმის მოტივი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია იყო.
დავით ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ მეორე პირს, რომელიც ჯერ დაკავებული არ არის, „ხელს აფარებენ“.