„პოლიტიზებული მართლმსაჯულება გვეხება ყველას" - „დროა" სოლიდარობას უცხადებს აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას

პუბლიკა

პარტია “დროა” სოლიდარობას უცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტ გიორგი ხასაიასა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ აკაკი ჩიქობავას, რომლებიც 23 იანვარს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კეკელიძის ქუჩაზე შეკრებილი მოქალაქეებისა და მედიის წარმომადგენლების ძალადობრივი დარბევის შემდეგ დააკავეს.

„მურუსიძის სასამართლომ მათ, აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. მათ სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. 

ჩვენ კარგად ვიცნობთ პოლიციის ფორმაში ჩაცმულ მთავრობის დაქირავებულ ჯალათებს, რომლებიც თანაბარი ენთუზიაზმით არბევენ ანტისაოკუპაციო შეკრებებსა და საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერ აქციებს, აკავებენ ცარიელი ფურცლებით ხელში მდგომ მოქალაქეებს, ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე, იცავენ ლავროვების ოჯახს, ბათუმში შემოსული რუსული გემის ოკუპანტ მგზავრებს. სწორედ ეს ე.წ. პოლიციელები გაუსწორდნენ კეკელიძის ქუჩაზე შეკრებილებს. მიგვაჩნია, რომ როდესაც მჩაგვრელი სისტემა ძალადობს, ერთადერთი სწორი გზა წინააღმდეგობაა. 

შერჩევითი სამართალი, დეჰუმანიზებული და პოლიტიზებული მართლმსაჯულება გვეხება ყველას თანაბრად, მემარჯვენეს და მემარცხენეს, კაპიტალისტსა და სოციალისტს, ლიბერალსა და კონსერვატორს, ყველას, ვინც მზად არის წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციის ფორმაში გადაცმულ ბოროტმოქმედებს. 

ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში მსგავსი ინციდენტი ამოიწურებოდა ზიანის ანაზღაურების და არა თავისუფლების აღკვეთის გზით. ჩვენი ძალა სოლიდარობაში, საზოგადოების მთლიანობასა და საღ აზრშია, ხოლო აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენების დაგმობა ჩვენი სამოქალაქო და პოლიტიკური ვალი. 

არა რუსულ რეჟიმს!” – ვკითხულობთ პარტიის განცხადებაში. 


მოძრაობა „ხმის” წევრები – კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამართლის წესით 22 იანვარს, კეკელიძეზე მიმდინარე გამოსახლების გაპროტესტებისას დააკავეს, მათ ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან. აღნიშნული მუხლი თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლომ მათ აღმკვეთის ღონისძიებად 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.