თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და 8 მარტს ოპოზიციასთან დადებულ შეთანხმებაში მათზე საუბარი არც ყოფილა. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ არ აპირებს ამ თემაზე პასუხისმგებლობის აღებას.
„დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ საქართველოში არ გვყავს პოლიტპატიმრები. გვყავს კონკრეტული პირები, ვისაც კონკრეტული დანაშაულები აქვს ჩადენილი. რაც შეეხება შეთანხმებას, ეს 8 მარტის შეთანხმებაში განხილულიც კი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა. რადგან ელჩების თანდასწრებით ვერავინ აიღებდა პასუხისმგებლობას, რომ უკანონობა ჩაედინა. შესაბამისად, თვითონ მემორანდუმის, შეთანხმების დოკუმენტში ყველაფერი არის ასახული, რაც საზოგადოებამ იხილა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, პარტია „ქართული ოცნება“ არის სრულ მზადყოფნაში, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს. თუ ამ ცვლილებებს ოპოზიცია ჩააგდებს, ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა და მოგვიწევს არჩევნების ჩატარება იმ სისტემით, რომლითაც ათეული წლები ტარდებოდა“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძე გამოეხმაურა ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის განაჩენთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებასაც. მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს განცხადება ოპოზიციასთან შეთანხმებას არ უკავშირდება.
„განცხადებები, რომელიც გაკეთდა აშშ-ის საელჩოს მხრიდან, არანაირ კავშირში არ არის და შეგიძლიათ, ნახოთ, თუ როგორი შინაარსის განცხადება იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაზე არჩილ თალაკვაძემაც ისაუბრა, რომელიც უშუალოდ ესწრებოდა იმ შეხვედრებს, საუბარი იყო, თუმცა მაშინვე მკაფიოდ მიიღეს პასუხი, მიიღეს უარი. იმიტომ, რომ ეს შეუძლებელი იქნებოდა, უკანონობას არავინ არ ჩაიდენს“, – თქვა კალაძემ.
აშშ-ის საელჩომ ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადება 14 აპრილს გაავრცელა. „ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას – საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.