პოლიტპატიმრები არ გვყავს - ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარს კომენტარი შეუსწორა

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა Twitter-ზე ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალებას გამოეხმაურა და დაწერა, რომ „პოლიტიკური პატიმრების შეწყალებას მიესალმება“, რასაც საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა. სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარს კომენტარების სექციაში შეუსწორა, რომ მას „პოლიტიკური პატიმრები არ გაუთავისუფლებია“.

„უფრო ზუსტები რომ ვიყოთ, მე „პოლიტპატიმრები“ არ შემიწყალებია. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან. მადლობელი ვიქნები, თუ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას ამას მხედველობაში მიიღებთ“, – მიმართა Twitter-ით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტარს.

ანა ფოტიგამ ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლებაზე განცხადება Twitter-ით 15 მაისს გააკეთა და წერდა, რომ ელის საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას.

„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიტიკური პატიმრების, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ მხოლოდ პროგრესს. ველოდები 2020 წლის არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარებას“, – წერდა Twitter-ზე ანა ფოტიგა.