„პეტრე ცისკარიშვილს შეეზღუდა პარტიის ფინანსების განკარგვა, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მთელი პარტიული, ფინანსური, ეკონომიკური რესურსი, რომელიც განიკარგებოდა პარტიის გენერალური მდივნის, ბატონი პეტრე ცისკარიშვილის მიერ, ამიერიდან იქნება შეჩერებული. ბატონ პეტრეს შეეზღუდა შესაძლებლობა, რომ განკარგოს ეს ფინანსური რესურსები, სანამ იქნება საარჩევნო კამპანია. როგორც გენერალურ მდივანს…
იმიტომ რომ, ჩვენ ვართ წარმომადგენლები სხვადასხვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მხარის, სხვადასხვა პოზიცია გვაქვს. რადგან მეც, სხვასაც გამოხატული აქვს ეს პოზიცია და ბატონ პეტრესაც ჰქონდა გამოხატული ეს ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ და ამავე დროს ფლობდა გარკვეულ რესურსებს, იმისთვის, რომ იყოს მეტი ნეიტრალიტეტი, მეტი გამჭვირვალობა ამ მიმართულებით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურმა საბჭომ ერთხმად მიიღო “, – თქვა წიკლაურმა.
პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი მსურველი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ერთგვარი „ჯენტლმენური შეთანხმება” იყო.
„მეტიც, ჩვენ არ დაგვიყენებია მაგალითად საკითხი, რომ პარტიის მოქმედი თავმჯდომარე გადადგეს და ისე ჩატარდეს არჩევნები… კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს მე არ მიმაჩნია სერიოზულად, ვინც ჩათვალა, რომ სერიოზულია, რომ პეტრეს რამე უნდა შეეზღუდოს… ეს იყო ჯენტლმენური შეთანხმება, რაშიც პრობლემას ვერ ვხედავ.
…ჩემთვის სერიოზული [საკითხებია], პარტიის გაძლიერება, მობილიზება, საერთო სტრატეგია, ერთობა და არა ერთმანეთზე ჭორაობა. მე ამას არ ვემხრობი”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. კენჭისყრა ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ჩატარდება.