პოლოლიკაშვილის კანდიდატურაზე გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა | კალაძე

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად გაეროში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას განიხილავს, არ ადასტურებს თბილისის მერი კახა კალაძე. 

„[ინფორმაციას] თქვენ ავრცელებთ, კონკრეტული მედია, ანუ სიცრუეს ტირაჟირებთ.

არჩევნებამდე დარჩენილია 7 თვე. თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ ერთი არჩევნები, სადაც 7 თვით ადრე იყო წარმოდგენილი კანდიდატურა, გინდ ოპოზიციის, გინდ მმართველი პარტიის მხრიდან.

რა თქმა უნდა, ვიღებ კონსულტაციებში მონაწილეობას, რომ შევარჩიოთ, სხვადასხვა რაიონში საკრებულოს წევრები, მერები ვინ იქნებიან. შესაბამისად ეს არის პროცესი, რომელიც რამდენიმე თვე გაგრძელდება.

რაც შეეხება კანდიდატთან დაკავშირებით, როგორც ეს კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, არჩევნებამდე 1 თვით ადრე გაიგებთ ყველაფერს“, – განაცხადა კალაძემ.

„ტყუილია, ტყუილი და სიცრუეს ავრცელებთ“. – ასე პასუხობს კალაძე ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა ზურაბ პოლოლიკაშვილი კანდიდატი.


„ფორმულას“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად განიხილავს ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც 2018 წლიდან გაეროში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანია. „ფორმულა“ ამბობს, რომ პოლოლიკაშვილი მათ შეკითხვებს არ პასუხობს.

„ფორმულას“ ცნობით, წყარო მათ უყვება, რომ პოლოლიკაშვილმა შეთავაზება მმართველი გუნდისგან უკვე მიიღო, თუმცა მმართველ გუნდს მისი თანხმობა ჯერ არ აქვს.

„ფორმულა“ ამბობს, რომ გადაწყვეტილება უმრავლესობის წევრებს პარტიის თავმჯდომარემ გუშინ გააცნო სხდომაზე, რომელსაც კახი კალაძე არ ესწრებოდა.

„ფორმულას“ თქმით, წყაროს ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ პარტიის წევრებს თავმჯდომარემ უთხრა, რომ კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი არ იქნება და  სავარაუდოდ, გუნდს მალე დატოვებს, მაგრამ მედიასაშუალების ცნობით, მმართველ გუნდში ამ გადაწყვეტილებას ყველა არ ეთანხმება.