პოლონეთის საზოგადოებრივი რადიოს ინფორმაციით, პოლონეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრისას ანჯეი დუდამ ზურაბიშვილს უთხრა, რომ პატივს სცემს ქართულ სასამართლო სისტემას, მაგრამ „სააკაშვილის დაკავება აზიანებს ქვეყნის იმიჯს“.
„პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ პოლონეთში ახსოვთ სააკაშვილი, როგორც ლეხ კაჩინსკის მეგობარი და ითხოვა ზომების მიღება, რათა მისი საქმე მშვიდობიანად დასრულებულიყო“, – წერს პოლონური რადიო პრეზიდენტის სასახლის ინფორმატორზე დაყრდნობით.
ანჯეი დუდასა და სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი 8 ნოემბერს გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას სატელეფონო საუბრისას მიხეილ სააკაშვილის თემის განხილვის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს, როგორც თავად ამბობს, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბერს დაკავების შემდეგ შიმშილობს მხოლოდ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე იყო თანახმა.