პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გადაწყვიტა, ვიქტორ ორბანთან შეხვედრა გააუქმოს უნგრეთის პრემიერის რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ვიზიტის გამო. ინფორმაციას მედია პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელის, მარცინ პრჟიდაჩიზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მემკვიდრეობაზე მითითებით, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოება სოლიდარობაზეა დამოკიდებული, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტთან და მის კონტექსტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ნავროცკიმ გადაწყვიტა, უნგრეთში ვიზიტის პროგრამა მხოლოდ ვიშეგრადის ჯგუფის პრეზიდენტების ესტერგომში სამიტით შემოიფარგლოს“, – წერს პრჟიდაჩი.
მან დასძინა, რომ შეხვედრაზე, ჩეხეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად, ნავროცკი ცენტრალური ევროპის რეგიონში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
მედიის ცნობით, ნავროცკი ორდღიანი ვიზიტით უნგრეთში 3 დეკემბერს გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს ვიშეგრადის ჯგუფის ლიდერების სამიტში. მედიის ცნობითვე, ხუთშაბათს, პოლონეთის პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, ბუდაპეშტში ოფიციალური ვიზიტით უნდა ჩასულიყო და სხვა პირებთან ერთად, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთანაც გამართა შეხვედრები.
ვიქტორ ორბანი პარასკევს მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა უნგრეთის ენერგომომარაგების გასაძლიერებლად და უკრაინაში ომის დასრულების მცდელობების განსახილველად. მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ორბანმა და პუტინმა ასევე განიხილეს აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინაში ომის დასრულების ბოლოდროინდელი მცდელობები.