პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობამდე აფრთხილებს, რომ შესაძლოა, დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სოციალურ მედიაში აქტიურობა ქვეყანაში არშეშვების და დაჯარიმების მიზეზი გახდეს.
„უცხოელების, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების საქართველოში შესვლაზე უარის თქმის მრავალი შემთხვევის გამო, ქვეყანაში გამგზავრებამდე გთხოვთ, განიხილოთ, არის თუ არა თქვენს შემთხვევაში ფაქტორები, რომლებიც ზრდის უარის თქმის რისკს.
ეს შეიძლება მოიცავდეს დემონსტრაციებში მონაწილეობას ან მის სიახლოვეს ყოფნას, ასევე გარკვეულ აქტივობებს სოციალურ მედიაში.
შეგახსენებთ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება, შეაფასოს რისკ-ფაქტორები უცხოელის მიღებისას და შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება შეიძლება ასევე გავრცელდეს საქართველოში მოქმედი ბინადრობის ნებართვის მფლობელებზე.
ჩვენ ასევე მიგითითებთ, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის – თუნდაც სავარაუდოდ – უცხოელებს შეიძლება დაეკისროთ მაღალი ჯარიმები, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლას შეიძლება დასჭირდეს ამ ჯარიმების დაუყოვნებლივ გადახდა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.