პოლონეთის შეიარაღებული ძალები: „საჰაერო სივრცე უპრეცედენტოდ დაირღვა... ეს არის აგრესიის აქტი“

პუბლიკა

პოლონეთის არმიის ოპერატიულმა სარდლობამ ოფიციალურად დაადასტურა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონების ჩამოგდება და პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას „აგრესიის აქტი“ უწოდა.

„უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის დღევანდელი შეტევის შედეგად მოხდა პოლონეთის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო მასშტაბის დარღვევა დრონის ტიპის ობიექტებით. ეს არის აგრესიის აქტი, რომელმაც რეალური საფრთხე შეუქმნა ჩვენს მოქალაქეებს“, – ნათქვამია პოლონეთის არმიის ოპერატიული სარდლობის მიერ დღეს, 10 სექტემბერს დილით გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საჰაერო სივრცეში შეჭრილ დრონებს პოლონეთის და მოკავშირეების რადიოლოკაციური საშუალებებით აკვირდებოდნენ, მათი ნაწილი ჩამოაგდეს და მიმდინარეობს ამ ობიექტების ჩამოვარდნის ადგილების ძებნა და ლოკალიზაცია.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს მან პოლონეთის საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ აცნობა.

„ნატოს გენერალურ მდივანს ვაცნობე არსებული ვითარებისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებიც ჩვენი საჰაერო სივრცის დამრღვევ ობიექტებთან დაკავშირებით განხორციელდა“, – წერს დონალდ ტუსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც დრონებით შეჭრის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, დაიხურა ვარშავის დედაქალაქში მდებარე ორი აეროპორტი, შოპენისა და ვარშავის მოდლინის აეროპორტები; ასევე ჟეშოვ-იასიონკას  და ლუბლინის აეროპორტები.