პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, 12 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყველა სკოლა, უნივერსიტეტი, კინოთეატრი, თეატრი და მუზეუმი დაიკეტება.
პოლონეთში დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 26 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა, იმის გამო, რომ ევროპის მრავალ ქვეყანაში ვირუსი განსაკუთრებით სწრაფი ტემპით ვრცელდება, ერთობლივი შეხვედრისა და კონსულტაციების შემდეგ პოლონეთის ხელისუფლებამ პრევენციული ზომების წინასწარ მიღება გადაწყვიტა.
„ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ვიმყოფებით, თუმცა, იტალიის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, სიტუაცია ბევრად უფრო რთულიც შეიძლება იყოს”,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მმატეუშ მორავეცკიმ პრესკონფერენციაზე.
„სკოლებში ეპიდემოლოგიური საფრთხე არ არსებობს, ჩვენ მხოლოდ ვირუსის გავრცელების პრევენციას ვცდილობთ”,- განაცხადა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა ლუკაშ შუმოვსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება თუ ბავშვები სახლში დარჩებიან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისგან თავს შეიკავებენ.