პოლონური მედია: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს „ობიექტი" პოლონეთში შეფრინდა 

პუბლიკა

Reuters პოლონეთის სახელმწიფო სააგენტო PAP-ზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაზე რუსი სამხედროების დღევანდელი თავდასხმის დროს „ობიექტი” პოლონეთის საჰაერო სივრცეში ვარშავის დროით 6:43 საათზე შეფრინდა და სავარაუდოდ, პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

მიმდინარეობს მისი ძებნა.

„ობიექტის” შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ არ არის რაკეტა.

Polsat News აქვეყნებს პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული მეთაურის, გენერალ მაკეი კლიზის კომენტარს, რომლის თანახმად, ობიექტის პოლონეთის საჰაერო სივრცეში ყოფნა მინიმუმ სამმა სარადარო სადგურმა დაადასტურა.

მისივე განცხადებთ, ობიექტის ძებნის ოპერაციში ჩართულია 70-მდე სამხედრო და 2 ვერტმფრენი.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 26 აგვისტოს დილას რუსეთმა უკრაინაში ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და დაახლოებით 100 დრონი გაუშვა.

თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროის ინფორმაციით, დაშავებულია 20-მდე ადამიანი.

შეტევა განხორციელდა ენერგეტიკურ ინფრასტრუქტურაზეც, რის გამოც ქვეყნის დიდ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქ კიივში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.