„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის თბილისში ვიზიტამდე, სახელმწიფო დეპარტამენტმა ბრიფინგი გამართა, სადაც ოფიციალურმა პირებმა, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მაიკ პომპეოს მომავალი ვიზიტის მიზნებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო საქართველოში მის დაგეგმილ ვიზიტსაც.
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით ერთგულნი, დავეხმაროთ საქართველოს გააღრმავოს მისი ევრო-ატლანტიკური კავშირები, გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები. და მართლაც, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება, დაახლოებით 16 საპარლამენტო ადგილისთვის. რა თქმა უნდა, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიისთვის და ქართველი ხალხი ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობს“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ბრიფინგზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალური პირის განცხადებით, სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი, რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
ტრადიციულად, ოფიციალური პირის ვინაობა დასახელებული არაა, რადგან ის წარმოადგენს მთელი დეპარტამენტის პოზიციას და ბრიფინგი ძირითადად მედიისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.
„ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ ჩვენი მხარდაჭერა საქათველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვგმობთ რუსეთის შეჭრას საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში, რომელიც რუსეთის მიერ რჩება ოკუპირებული“, – განაცხადა მან.
ბრიფინგზე, სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელმა თქვა, რომ სახელმწიფო მდივანი ასევე შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლობის და კანონის უზენაესობის საკითხების განსახილველად.
„და ბოლოს, სახელწიფო მდივანი საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება, რათა მათი შეხედულებები მოისმინოს კანონის უზენაესობაზე… და დამოუკიდებელ სასამართლოზე, რომელიც არსებითი ნაწილია ქართულ დემოკრატიაში დავების თავისუფლად გადაწყვეტის და ადამიანის, ასევე, ეკონომიკური უფლებების პატივისცემის საკითხებში“, – თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა ბრიფინგზე.
ბრიფინგზე ნათქვამია, რომ სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკანიანს შეხვდება.
სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში 17 ნოემბერსაა დაგეგმილი.
ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გაიმართება შეხვედრა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან და რომ ეს რელიგიის თავისუფლების საკითხს უკავშირდება, რასაც მაიკ პომპეო ასევე განიხილავს, კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოს პირველთან შეხვედრისას.
მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის“ მიერ.