პომპეო ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობაზე - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის დაწყებას ეხმაურება. აშშ-ის საელჩოს განცხადებით, სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ყურადღებას გაამახვილებს სამართალიანი, თავისუფალი არჩევნების მნიშვნელობაზე.

„სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“, – წერს ამერიკის საელჩო.


როგორც საქართველოს საქმეთა სამინისტრო იუწყება, ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრები დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.

ასევე, მაიკ პომპეო ვიზიტის ფარგლებში შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს და, როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ხვალ, შუადღისით დაგეგმილი აქვს შეხვედრა არასამთავრობო სექტორთანაც.

„კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა იმ ქვეყანაში, სადაც არჩევნები გაყალბდა ოლიგარქის მიერ“, – ამ შინაარსის ბანერებით ხვდებიან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაიკ პომპეოს „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები. მათი თქმით, ეს მესიჯია სწორედ ის, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოში ჩამოსვლისას პირველად უნდა ნახოს.

მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო სახის გამოსვლა დააანონსეს. მათი თქმით, ცენტრალურ გამზირებზე გამოვლენ ადამიანები, რომლებიც ცოცხალ ჯაჭვში ჩაებმებიან და ხელში ბანერები ეჭირებათ, წარწერით – გაყალბებულია არჩევნები.