პომპეომ კითხვა დასვა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ – გია გვილავა

პუბლიკა

„პომპეომ კითხვა დასვა სასამართლოში არსებული კლანის შესახებ, როგორც ჩანს, კარგადაა ინფორმირებული და სჯერა, რომ კლანი არსებობს“, – განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ პროგრამების მენეჯერმა, გია გვილავამ.

„ძალიან ცუდი ამბავია ეს მიხეილ ჩინჩალაძისთვის. ჩვენთვის ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ გავაძლიეროთ ადვოკატირება“, – განაცხადა გია გვილავამ.

გია გვილავას თქმით, აშშ-ის საპარლამენტო მდივანთან შეხვედრაზე არჩევნები განხილვის თემა არ ყოფილა, სასამართლოს საკითხი კი ორ კონტექსტში იყო განხილული: სასამართლო, როგორც პოლიტიკური ბრძოლის იარაღი ხელისუფლების ხელში და სასამართლო, სადაც კორუფციის პატარა ტენდენციები შეინიშნება.

„მხოლოდ სასამართლოზე იყო საუბარი და იმ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს. გარდა სისტემური პრობლემებისა, საუბარი იყო კონკრეტულ საქმეებზე, რომელიც სახელმწიფო მდივანს მოვახსენეთ. ეს იყო: კარტოგრაფების საქმე, ანაკლიის პორტის საქმე, „ფილიპ მორისის“ საქმე, სადაც, სავარაუდოდ, დიდი მასშტაბის კორუფცია იყო და ის ხალხი, ვინც ამ საქმეების შემოქმედია, რა მეთოდებით წინაურდება და როგორი მეთოდებით ინიშნებიან სისტემაში. ვისაუბრეთ ყველა გახმაურებულ საქმესა და პროცესზე, რომელიც ქართული მართლმსაჯულების სისტემას უკავშირდება და ყველა უბედურებაზე, რაც სისტემას სჭირს. ასევე ვისაუბრეთ, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს მართლმსაჯულებას საქართველოში“, – აღნიშნა გია გვილავამ.

უფლებები საქართველოს” წარმომადგენელმა, კახა წიქარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სასამართლოს კონტექსტში ყურადღება გამახვილდა, ასევე, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეებზე.  ისაუბრეს არჩევნებზეც, ოღონდ მართლმსაჯულების კონტექსტში – კერძოდ, საარჩევნო დავის შემთხვევაში, როგორ იქცევა სასამართლო მიკერძოებულად.

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ წარმომადგენლის, გვანცა წულუკიძის თქმით, შეხვედრაზე რამდენჯერმე გაისმა ბიძინა ივანიშვილის, როგორც  არაფორმალური მმართველის, სახელი. მისი თქმით, უკვე ჩამოთვლილი საქმეების გარდა, ისაუბრეს რურუას, სამოქალაქო აქტივისტების საქმეებზე და ისნის საოლქოს თავმჯდომარის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულებზე.

„ღია საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელი სოფო ასათიანი კი აცხადებს, რომ სთხოვეს ამერიკის ხელისუფლებას, განსაკუთრებით აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე პროცესებს და უფრო აქტიური როლი ჰქონდეთ სასამართლო ხელისუფლების ცვლილებაში. მისი თქმით, საამისოდ პომპეოს შესთავაზეს ხედვა, რომ პოლიტიკური კონსენსუსისთვის საელჩოს უნდა ჰქონდეს ფასილიტატორის როლი.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დღეს ის შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, პატრიარქს, ილია II-ს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მაიკლ პომპეოს ვიზიტთან დაკაშირებით ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მხარდამჭერებმა საინფორმაციო, მდუმარე აქცია გამართეს პლაკატებით ხელში, წარწერებით, არჩევნები გაყალბებულია.