გახარიას სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე პოსტს Bidzina ivanishvili & Media-ც აქვეყნებს

პუბლიკა

სამომავლო გეგმებზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადება სოციალურ ქსელში, გახარიას ოფიციალური გვერდის გარდა, ასევე ფეისბუქის გვერდზე bidzina Ivanishvili & media გამოქვეყნდა.

გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შემდეგ დღეს მედიასთან ოფიციალურად პირველად განცხადა, რომ ის პოლიტიკიდან არ წასულა და რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება მათი გეგმების შესახებ გაიგებს.

„Bidzina Ivanishvili& media „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდი არაა და ის შეიძლება იყოს პარტიის მხარდამჭერთა მიერ შექმნილი გვერდი”, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ჯგუფთან დაკავშირებით „პუბლიკას“ კითხვას.

ეს გვერდი 2011 წლიდან არის მოქმედი და ცნობილია იმით, რომ აქტიურად ზიარდება „ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებები, ვიდეომიმართვები, პარტიული ღონისძიებების ამსახველი ფოტოები და ა.შ.

2019 წლის დეკემბერში, როცა facebook-მა, „ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული, ე.წ. ტროლექაუნთები წაშალა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წაშლილი გვერდების სიაში აღნიშნული გვერდიც იყო, რადგან ის აღარ იძებნებოდა. თუმცა მალევე bidzina ivanishvili@media ისევ გამოჩნდა სოციალურ ქსელში და განცხადება გაავრცელა, სადაც წერდნენ, რომ „ეს გვერდი შეიქმნა 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში შემოვიდა და მას შემდეგ ფუნქციონირებს ფეისბუქის ყველა წესის დაცვით, რასაც ადასტურებს ოფიციალური ფეისბუქგვერდის მონაცემები”, – ვკითხულობთ 2019 წლის განცხადებაში, რომელიც გვერდმა facebook-ზე გამოაქვეყნა.