„პოსტსაარჩევნოდ მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო“ | მედიამონიტორინგი

პუბლიკა

ევროკავშირმა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაქვეყნეს პოსტსაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის ანგარიში, რომელშიც ასახულია საარჩევნო გაშუქების ტენდენციები 1 თებერვლიდან 31 მარტამდე პერიოდში.

სატელევიზიო ახალი ამბების მონიტორინგის ანგარიში:

მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება ხდებოდა 12 სატელევიზო არხზე: პირველი არხი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელეკომპანია მთავარი, რუსთავი 2, იმედი, ფორმულა, ტვ პირველი, მაესტრო, ობიექტივი, კავკასია, პალიტრა ტვ, POSTV.

„ძირითადი მიგნებები:

• პოსტსაარჩევნო პერიოდში მონიტორინგისთვის შერჩეული ყველა არხის მონაცემებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტი დრო დაეთმო „ქართულ ოცნებას“. მას მოსდევს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

• პოსტსაარჩევნო პერიოდში სატელევიზიო ახალ ამბებში ყველაზე აქტიურად ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკები და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები გაშუქდა;

• მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ მედიაგარემო მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი; 

• ქართული ოცნება“ ყველაზე დადებითად POSTV-ზე გაშუქდა. დროის 22 % დადებითი ტონით შეფასებას დაეთმო.

• „ქართული ოცნება“ ყველაზე უარყოფითად „მთვარ არხზე“ გაშუქდა. დროის 56 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო. „ქართული ოცნების“ მიმართ ყველაზე კრიტიკული სიუჟეტები ხშირად ამ არხის ეთერში გადიოდა.

• „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად „ფორმულას“ ეთერში გაშუქდა. დროის 15 % დადებთი ტონით შეფასებას დაეთმო. ეს პარტია ყველაზე უარყოფითად „ობიექტივმა“ გააშუქა. დროის 61 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო.

• მთავარ არხს“ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

• „პირველ არხს“ ხელისუფლებისადმი არაკრიტიკული, ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა აქვს.

• „იმედი“ და POSTV ხელისუფლებისადმი მიკერძოებით გამოირჩევა. აქ მმართველი გუნდი აბსოლუტურად დადებითადაა წარმოჩენილი. ამ არხებზე ოპოზიცია მაქსიმალურად დისკრედიტირებულია.

• მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო POSTV-მ დაუთმო. ყველაზე უარყოფითად მიხეილ სააკაშვილი სწორედ ამ არხზე გაშუქდა და უარყოფთი ტონით გაშუქებამ 88 % შეადგინა.

• ბიძინა ივანიშვილი ყველაზე უარყოფითად „მთავარი არხის“ ეთერში გაშუქდა. დროის 85 % უარყოფითი ტონით შეფასებას დაეთმო.

• მონიტორინგის პერიოდში გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო მედიაგარემო პლურალისტური, თუმცა მკვეთრად პოლარიზებული იყო. მაუწყებელთა ერთი ნაწილი ხელისუფლებისადმი იყო მიკერძოებული, მეორე კი ოპოზიციისადმი. მიკერძოება არასასურველი საარჩევნო სუბიექტის ნეგატიურ გაშუქებაში გამოიხატებოდა. 

• წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგების მსგავად, პოსტსაარჩევნო პერიოდში, კვლავ ხშირია პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულირების შემთხვევები. ხშირია გონივრული ბალანსის დარღვევის და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები.

• თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები.

• მონიტორინგის პერიოდში სექსისტური განცხადებების ტირაჟირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ონლაინმედიის მონიტირინგის შუალედური ანგარიში:

მონიტორინგის ფარგლებში დაკვირვება ხდებოდა 12 ონლაინ მედიასაშუალებაზე: ambebi.ge, interpressnews. ge, kvira.ge, mpn.ge, netgazeti.ge, news.on.ge, publika.ge, radiotavisupleba.ge, reginfo. ge, sknews.ge, sputnik-georgia.com, tabula.ge.

„ძირითადი მიგნებები:

• პოსტსაარჩევნო პერიოდში ონლაინ მედიაში ყველაზე აქტიურად ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული საკითხები შუქდებოდა;

• მონიტორინგისთვის შერჩეული ვებგვერდების აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკურ პარტიებს შორის ძირითადად „ქართულ ოცნებასა“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აშუქებდა. ამ პარტიებიდან თითოეულს ეთმობოდა მეტი გაშუქება, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად;

• ონლაინ მედიაში პოლარიზაცია ნაკლებად შეინიშნება. მონიტორინგისთვის შერჩეული 12 ვებგვერდიდან 2-ის შემთხვევაში ცალსახად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ხელისუფლების მუდმივად დადებითად წარმოჩენის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციონერ პოლიტიკოსთა დისკრედიტაციის მცდელობა. ამასთან, მონიტორინგისთვის შერჩეულ არც ერთ ონლაინ მედიასაშუალებაში არ შეინიშნებოდა განსაკუთრებულად დადებითი განწყობა რომელიმე ოპოზიციური პარტიის მიმართ; 

• თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა დაკვირვების დროს გამოვლინდა ორი ონლაინ მედიასაშუალება, სადაც ხდებოდა პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა მიერ დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებების ტირაჟირება;

სარეკლამო და სარედაქციო მასალების გამიჯვნა მწვავე გამოწვევად რჩება ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილისთვის. ხშირ შემთხვევებში მკითხველს არ ეძლევა საშუალება, რომ ნათლად გაარჩიოს გამოქვეყნებული სტატიებიდან რომელია სარეკლამო და რომელი რედაქციის მიერ მომზადებული ჟურნალისტური ნამუშევარი;

• წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგებთან შედარებით, პოსტსაარჩევნო პერიოდში, შერჩეული ვებგვერდების დიდ უმრავლესობაში შეინიშნებოდა საკითხების მეტად დაბალანსებულად გაშუქება, განსაკუთრებით ევროკავშირის წარმომადგენელთა მედიაციით გამართული პოლიტიკური მოლაპარაკებების პერიოდში.“

მონიტორინგის ფარგლებში თითოეული ონლაინმედიისა და ტელევიზიის დაკვირვების შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ვრცლად.


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „საქართველოს 2020 წლის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, დააკვირდა სატელევიზიო ახალი ამბებისა და ონლაინ მედიის მიერ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გაშუქებას 2021 წლის 1 თებრვლიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით.

მედიამონიტორინგის ფარგლებში შერჩეულ მედიასაშუალებებზე დაკვირვება ხდებოდა როგორც რაოდენობრივი, ასევე, თვისებრივი კომპონენტების გათვალისწინებით. რაოდენობრივი კვლევისას ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, თუ რა სიხშირითა და ტონით შუქდებოდა ესა თუ ის სუბიექტი შერჩეულ მედიასაშუალებაში. თვისებრივი დაკვირვებისას ყურადღება გამახვილებული იყო იმაზე, თუ რამდენად იცავდა შერჩეული მედიასაშუალება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს, როგორიცაა: ფაქტის სიზუსტე, წყაროების მრავალფეროვნება, დაბალანსებული გაშუქება, ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის წახალისება, გენდერული სტერეოტიპების ტირაჟირება, რაიმე სახის მანიპულაცია და ა.შ.