„პოზიცია უცვლელია, ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას“ - სამადაშვილი

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მოლაპარაკებებისა და  შეთანხმებისთვის სივრცე შეამცირა. სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ოპოზიციას მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს, თუმცა იმისთვის, რომ მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღოს, საჭიროა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების მხრიდან.

„იმისთვის რომ მოლაპარაკებებმა რაიმე შედეგი გამოიღოს, აუცილებელია ჩვენ დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რაც უკავშრდება პოლიტპატიმრების თემას. ეს თემა თუ არ დაიხურა ვერანაირი მოლაპარაკებები ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს და ჩვენი პოზიცია არის უცვლელი. არსებობს ორი მთავარი საკითხი, პოლიტპატიმრების, როგორც მელიასი, ასევე გიორგი რურუას გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, იმისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში აღდგეს დემოკრატიული პროცესი“, – გაანცხადა მან.

მისი თქმით, შეხვედრისას მათ განიხილეს, თუ რა მექანიზმებით შეიძლება გაძლიერდეს „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა დასავლეთის მხრიდან.

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა მექანიზმებით და რანაირად შეიძლება დასავლეთმა უზრუნველყოს კიდევ უფრო დიდი ზეწოლა „ქართულ ოცნებაზე“, იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ შესაბამისი შედეგი. იმიტომ, რომ ყველას ესმის, დღეს პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“.  ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულებით ჩვენ ვაპირებთ, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“ ამ ჩიხიდან  გამოვიყვანოთ ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლები ოპოზიციასთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.